ზელენსკი დამოუკიდებლობის დღის წინ უკრაინის მოქალაქეებს საფრთხის შესახებ აფრთხილებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ მომავალ კვირას რუსეთმა შეიძლება სცადოს რამე “განსაკუთრებული სისასტიკის“ ჩადენა.

ამის შესახებ მან საკუთარ ვიდეომიმართვაში თქვა.

“უნდა გავაცნობიეროთ, რომ მომავალ კვირას რუსეთი შეიძლება შეეცადოს რამე განსაკუთრებული სისაძაგლის და რამე განსაკუთრებული სისასტიკის ჩადენას. ასეთი მტერი გვყავს. თუმცა, ნებისმიერ სხვა კვირაშიც ამ ნახევარი წლის ნამავლობაში რუსეთი იგივეს აკეთებდა გამუდმებით – სისაძაგლეს და სისასტიკეს“–თქვა პრეზიდენტმა.

მისი განცხადებით, მტრის ერთ–ერთი მთავარი ამოცანა უკრაინელების დამცირება, მათი შესაძლებლობების, მათი გმირების გაუფასურება, უნდობლობის, შიშის და კონფლიქტების გავრცელებაა.

“ამიტომაც მნიშვნელოვანია, არასდროს, არც ერთი წუთით არ დავუთმოთ ამ მტრულ ზეწოლას, არ ავყვეთ, არ გამოვავლინოთ სისუსტეები. ყველა საკმარისად მტკიცეები უნდა ვიყოთ, რომ წინ აღვუდგეთ მტრის ნებისმიერ პროვოკაციას – იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, რომ ვაიძულოთ ოკუპანტები პასუხი აგონ ყველა დარტყმაზე, ამ ტერორზე – ხარკოვზე, დონბასზე, აზოვსტალზე, ნიკოლაევზე, საფილტრაციო ბანაკებზე, ბუჩაზე, ირპენზე, ყველა ქალაქზე“–თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინელები საკმარისად მტკიცეები უნდა იყვნენ, რომ გაუძლონ და გაიარონ მთელი გზა უკრაინული გამარჯვებისკენ.

24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა. ექსპერტები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ამ დღისთვის რუსეთს შესაძლოა მასირებული დაბომბვა და პროვოკაციები ქონდეს ჩაფიქრებული.