ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტს ხელფასების ჩარიცხვის მოთხოვნით მიმართავს.
“ზოგიერთმა დეპუტატმა შემოიტანა განცხადება ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ოპოზიციონერმა კონკრეტულმა დეპუტატებმა. მე მაგიტომ გეუბნებით, რომ დეპუტატებს აქვთ სურვილი პარლამენტში შემოსვლის. ერთადერთი არის შანტაჟი და ბულინგი და ბუნებრივია საბოლოო ჯამში ამ შანტაჟისა და ბულინგისგანაც განთავისუფლდება.
იმ დეპუტატებს, რომლებიც იყვნენ წინა მოწვევაშიც, ავტომატურად ჩაერიცხათ დეკემბრის თანხა, იმიტომ რომ მათი ანგარიშის მონაცემები ჰქონდა ფინანსურ დეპარტამენტს პარლამენტში. არიან დეპუტატები, რომლებიც არ იყვნენ წინა მოწვევის დეპუტატები, შესაბამისად მათი მონაცემები არ ჰქონდა საფინანსო დეპარტამენტს და ასეთი ზოგიერთი დეპუტატი მიმართავს ახლა საფინანსო დეპარტამენტს ანაზღაურების მოთხოვნით”, — განაცხადა კობახიძემ.
მან არ დააკონკრეტა, ვინ მიმართა პარლამენტს.