ზუგდიდში, საოკუპაციო ხაზთან მამა-შვილის დაჭრის ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სამართალდამცავების მხრიდან იარაღის გამოყენებით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე გამოძიება დაიწყო.
„2021 წლის 30 აპრილს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამეტის დასავლეთის სამმართველოში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე.
ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალ აბასთუმანში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, რამაც ორი პირის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას,”- ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის სოფელ ახალ აბასთუმანში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მამა-შვილი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, გასროლა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განახორციელეს.