თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ მესაზღვრეებს პროფესიული დღე რუსი სამხედროს ფოტოთი მიულოცა

თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი განმარტებას აკეთებს იმის შესახებ, თუ რატომ მიულოცა  ქართველ მესაზღვრეებს პროფესიული დღე რუსი სამხედროს ფოტოთი, რომელიც მილოცვასთან ერთად მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა. სუჯაშვილი ამბობს, რომ გვერდის ადმინისტრატორმა გაუფრთხილებლობით მძიმე შეცდომა დაუშვა და ამის გამო ბოდიშს იხდის:

“მეგობრებო, საიდუმლო არაა, რომ Facebook-ის ოფიციალურ გვერდს თავად არ ვმართავ. თუმცა, თავად ვარ პასუხისმგებელი ყველა გამოქვეყნებულ მასალაზე და მათ შინაარსზე. გვერდის ადმინისტრატორმა გაუფრთხილებლობით მძიმე შეცდომა დაუშვა და მთელ საზოგადოებას ვუხდი გულწრფელ ბოდიშს ამისთვის. სამწუხაროდ, უკვე დაიწყო თემით სპეკულირება. რუსეთი რომ ოკუპანტია და მტერი, ეს არც სადავოა და არც სადისკუსიო”, – წერს სუჯაშვილი.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რუსი ჯარისკაცის ფოტო და პოსტი ფეისბუქიდან მას შემდეგ წაშალა, რაც კომენტარებში დაუწერეს, რომ ფოტოზე რუსი ჯარისკაცი იყო ასახული.