“თავი გაანებონ ჩვენს შტაბებს, არ შევუშვებთ და დასჭირდებათ ჩვენი დარბევა” – გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ გუშინ გვიან ღამით, შრომის ინსპექცია შევიდა ბარში, სადაც გირჩის შტაბია განთავსებული და ინსპექციამ სიტყვიერად გააფრთხილა ისინი, რომ დააჯარიმებდნენ. ჯაფარიძე აცხადებს, რომ ეს გირჩის საარჩევნო კამპანიისთვის ხელშეშლაა.
“თავი გაანებონ ყველა ჩვენს შტაბს. არც ერთ შტაბში აღარ შევუშვებთ. ფიზიკურად დავდგებით და ყველა შტაბს დავიცავთ, და ვერც შრომის ინსპექცია შევა და ვერც რომელიმე ახლადგამოგონილი სტრუქტურა. ფიზიკურად არ შევუშვებთ და დასჭირდებათ ჩვენი დარბევა”, — განაცხადა ჯაფარიძემ.
ზურა ჯაფარიძე ასევე აცხადებს, რომ რიყეზე მათ კიდევ ერთი ღონისძიება აქვთ, სადაც კვლავ იგეგმება ალკოჰოლის მოხმარება.
ცნობისთვის, კორონავირუსის პრევენციის მიზნით და ახალი რეგულაციის გათვალისწინებით, 16 ოტომბრიდან 22:00 საათის შემდეგ თბილისში ბარების, რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებების მუშაობა აიკრძალა თუმცა კანონით აკრძალული არ არის წინასაარჩევნო აგიტაციისთვის შეკრება. გირჩი სწორედ მსგავს ადგილებში მართავს შეხვედრებს ამომრჩეველთან.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 17 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 16285-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 128 -მდე გაიზარდა.