თბილისის ზღვის ზოოპარკში ჟირაფებს ჩამოიყვანენ

გასული საუკუნის 50-60-იანი წლების შემდეგ პირველად, თბილისის ზოოპარკში ჟირაფებს ჩამოიყვანენ. ინფორმაციას ამის შესახებ, ზოოპარკის, დირექტორი, ზურაბ გურიელიძე Bm.ge ავრცელებს.

საუბარია ხუთ ჟირაფზე, თუმცა რომელი ქვეყნიდან მოხდება მისი ტრანსპორტირება, ამ თემაზე გადაწყვეტილება სექტემბერში გახდება ცნობილი. გურიელიძის თქმით, უკვე დასასრულს უახლოვდება საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა, შესაბამისი ტრენინგების კურსი გაიარეს თანამშრომლებმაც.

  • „საჟირაფე შენდება, ეს არის რთული შენობა, თუმცა უახლოეს პერიოდში უნდა დამთავრდეს. ამასობაში ჩვენ ვზრუნავთ ჟირაფების ჩამოყვანაზე, რადგან მას ასე მაღაზიაში ვერ იყიდი, სადღაც უნდა დაიბადოს, გარკვეულ ასაკამდე მივიდეს, შემდეგ ტრანსპორტირებაც რთული და ძვირად ღირებული საქმეა. მინიმუმ ეს იქნება ხუთი ჟირაფი. რაც შეეხება თვითონ ცხოველს, თბილისის ზღვის ზოოპარკი უკვე გახლავთ ევროპის აკვარიუმებისა და ზოოპარკების ასოციაციის წევრი რაც ნიშნავს, რომ გვეყოლება შესაბამისი კონსულტანტები და კარგად გაწვრთნილი მომვლელები. ამ მიზნით მათ შარშან უკვე გაიარეს შესაბამის სწავლებები, რადგან ჟირაფები განსაკუთრებული ცხოველები არიან და ზოგადად დიდი ზომის ცხოველებთან ურთიერთობა რთულია, მათთან ერთად იქნებიან მარტორქები, ბეჰემოთები. მათ უკვე გაიარეს ტრენინგი ჰოლანდიაში და წელს კიდევ გაგრძელდება ეს პროცესი. ორი ჩვენი ვეტ-ექიმი გაემგზავრება სამხრეთ აფრიკაში რომ იქ უკეთესად შეისწავლონ ეს პროცესი“, – განაცხადა გურიელიძემ.

48 ჰექტარ მიწის ფართობზე განთავსებულ ზოოლოგიურ პარკში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ამჟამად მიმდინარეობს ორი მთავარი ზამთრის ვოლიერის მშენებლობა, რომლის დასრულებაც წლის ბოლომდე იგეგმება. ახალი ზოოპარკი ბიო-გეოგრაფიული ოლქების მიხედვით დაიყოფა, სადაც ორი მთავარი მიმართულება კავკასიური და აფრიკული სავანა იქნება.

დაგეგმილია კოლექციის განახლება და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამრავლება. ახალი ზოოპარკი საკუთარი ინიციატივით არალეგალური ტყვეობიდან გათავისუფლებული ცხოველების რეაბილიტაციის ფუნქციასაც შეითავსებს.

იყო თუ არა თბილისის ზოოპარკში, ჟირაფი? – დღემდე ეს კითხვა აზრთა
სხვადასხვაობას იწვევს. საზოგადოების ნაწილი ამტკიცებს რომ თბილისის ზოოპარკში ჟირაფი ნამდვილად უნახავთ, ნაწილი კი ამ ფაქტს უარყოფს.

 

2016 წელს “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე ამბობდა, რომ ჟირაფების შესახებ ზუსტი ცნობები ზოოპარკს არ მოეპოვება, თუმცა არსებობს 50-60 იან წლებში გადაღებული ერთი ფოტო, სადაც ჟირაფია ასახული: „„ზუსტი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ არსებობს, მაგრამ ვიპოვეთ რაღაც ფოტო, რომელზეც გამოსახულია ჟირაფი. საკმაოდ დიდი ხნის წინ არის გადაღებული, ალბათ გასული საუკუნის 50-60-იან წლებში, თუმცა თარიღი მითითებული არ არის. ასევე არ გვაქვს არანაირი სხვა ჩანაწერი… ერთ-ერთ ვოლიერშია ჟირაფი გადაღებული. მოარული ხმებით გაგვიგია, რომ რამდენიმე დღე ჰყოლიათ და მერე მოუკვდათ“,

2019 წწლს, ეროვნული არქივის მიერ გავრცეელბული კადრებით  დასტურებდა, რომ თბილისის ზოოპარკში ჟირაფები მართლაც ჰყავდათ. გავრცელებული ვიდეო, 1962 წლით თარიღდება.