პოლიციამ თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე გუშინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ზ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 აპრილს, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, თბილისში, მისსავე ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1989 წელს დაბადებულ ზ.ე.-ს. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ზ.ე. მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული დ.თ. ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს ნ.ზ. შეესწრო, თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა.
დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
დაკავებულებს პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა.
საქართველოს პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აპრილს თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მდებარე ბრალდებულის საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა დაზარალებულს, დანით სხეულის სხვადასხვა არეში რამოდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. აღნიშნული ფაქტის შესახებ ცნობილი იყო მეორე ბრალდებულისათვის, რომელმაც მომხდარი დანაშაული არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.
მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირები 23 აპრილს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მეორე პირს ბრალდება 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.