სავაჭრო ცენტრ “ისთ ფოინთის” მიმდებარე ტერიტორიაზე მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფარი აშენდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახი კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და შპს CBD Development- ს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარი აშენდება. ორხევის დასახლებაში, ახვლედიანის II ჩიხში მდებარე 9 231 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, შპს CBD Development-ი, დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში, 1 მლნ 500 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
ხელშეკრულების თანახმად, მიწის ნაკვეთზე ძაღლებისთვის ვოლიერები, საოპერაციო, საკარანტინე სივრცეები და სხვა დამხმარე შენობა-ნაგებობები აშენდება. კომპანია იღებს ვალდებულებას, 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი თავშესაფარი მოაწყოს. კომპანიას მიწის ნაკვეთი უსასყიდლო უზუფრუქტით, 15 წლის ვადით გადაეცემა”, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ მიუსაფარი ცხოველების პრობლემების მოსაწესრიგებლად საკანონმდებლო ბაზაზე მუშაობა მიმდინარეობს.