”თეა წულუკიანი არის რუსი, ანწუხელიძე გმირია” – ამ შეძახილების გამო, ალბი კორძაიას 10 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

„ანწუხელიძე გმირია, თეა მოღალატეა; თეა წულუკიანი არის რუსი, ანწუხელიძე გმირია, ის პიარს არ შეეწირა, სამშობლოს შეეწირა; წულუკიანო, შენ რუსო, ქვეყნის მოღალატე“.  – ამ შეძახილების გამო, აქტივისტ ალბი კორძაიას 10 დღიანი პატიმრობა მიესაჯა.

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ, გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, აქტივისტ ალბი კორძაიას, თეა წულუკიანის შეურაცხყოფას ედავება და  მის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

ცნობისთვის, 11 აპრილს თეა წულუკიანმა საქართველოს ეროვნულ გმირზე, გიორგი ანწუხელიძეზე  თქვა, რომ „უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“. ამ განცხადების შემდეგ,  აქტივისტები მის სახლთან მივიდნენ და წულუკიანის განცხადება გააპროტესტეს.

„საღამოს საათებში, რომელიც არ იყო ღამე, მივედი წულუკიანთან და ვთქვი, რაც იყო სათქმელი. მე წულუკიანთან არ მივიდოდი, რომ არ ყოფილიყო პრეისტორია, რომ არ ეთქვა, რომ ანწუხელიძე არის პიარს შეწირული ადამიანი“, – თქვა სხდომაზე ალბი კორძაიამ.