თვითმმართველობის არჩევნებზე სულ მცირე გავიმეორებთ საპარლამენტოს შედეგს – კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში “სულ მცირე, გაიმეორებს” იმ შედეგს, რაც საპარლამენტო არჩევნებში ჰქონდა.

“რამდენიმე თვეში ტარდება თვითმმართველობის არჩევნები. ყველამ კარგად იცის, რომ ამ არჩევნების პროპორციული ნაწილი მეტყველებს იმაზე, თუ როგორი მხარდაჭერაა ზოგადად, პოლიტიკური პარტიების მიმართ. საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდება იმაში, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის ძალიან მაღალი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავიმეორებთ სულ მცირე იმ შედეგს, რაც გვქონდა წინა საპარლამენტო არჩევნებში. ეს იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაცია არის ძალიან ძლიერი და მყარი, რასაც საფუძვლად უდევს ხალხის მხარდაჭერა“, – განაცხადა კობახიძემ იმედის ეთერში.

მისივე თქმით, შექმნილი კრიზისი ხელოვნურია, რადგან ნიკა მელიას შეუძლია ნებისმიერ დროს გამოვიდეს ციხიდან და ოპოზიციას – ნებისმიერ დროს შევიდეს პარლამენტში.

„ყოველგვარი საუბარი კრიზისზე არის ზედმეტი. მათ არ აქვთ არავითარი საფუძველი იმისთვის, რომ მელია არ გამოვიდეს გარეთ. მას აქვს ერთადერთი გადასახდელი გირაო და ესაა მინიმალური პასუხისმგებლობა მისი მხრიდან სახელმწიფოს მიმართ. რაც შეეხება პარლამენტში შესვლას, აქაც არანაირი საფუძველი არაა. ისინი შიდა შეხვედრებზეც კი ვეღარ ბედავენ საუბარს არჩევნების გაყალბებაზე, რადგან არავითარი საბუთები არ წარმოუდგენიათ და არის უკვე გამზადებული დოკუმენტები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული და თავისუფალი“, – განაცხადა კობახიძემ.