თუ აპოკალიფსი იქნება, გამოვალთ ჩვენ და ამ ტრიბუნიდან ვიტყვით. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ადამიანებს ყურადღება არ ექცევათ, საწოლები საკმარისი არ არის, ეს ყველაფერი სიცრუეა, თუ აპოკალიფსი იქნება, გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ვიტყვით ჩვენ, სიმართლე არის ის, რასაც საკოორდინაციო საბჭოს წევრები აცხადებენ”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
მეზვრიშვილის თქმით, ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რაც სავარაუდოდ საზოგადოებაში პანიკის დათესვას ემსახურება.
“ბოლო პერიოდის განმავლობაში ვრცელდება გარკვეული ცრუ ინფორმაცია, თითქოს არ არის საწოლების საკმარისი რაოდენობა, თითქოს ადამიანები მიყრილები არიან სახლებში, სასტუმროებში და მათ არავინ მკურნალობს, თითქოს ზარებზე პასუხი არ ხდება მასიურად. მინდა დავამშვიდო საზოგადოება, შფოთვის საფუძველი ნამდვილად არ არის, ეს ყველაფერი რეალობას არ შეესაბამება და ალბათ, ემსახურება პანიკის დათესვას. თითოეულ იმ ადამიანთან, რომელიც თვითიზოლაციაშია კონტაქტზეა ექიმი, გასაგებია, რომ შესაძლოა, არის ერთეული შემთხვევები, სადაც კონსულტაცია დაგვიანდა 1-2 საათით, მაგრამ ეს არის ერთეული შემთხვევები და მას არ აქვს სისტემური ხასიათი. გთხოვთ, ამ ერთეული შემთხვევების გამო არ ავყვეთ პანიკას”, – თქვა მეზვირშვილმა.