თუ ასეთი ტემპით წავიდა ინფიცირებულთა ზრდა, აღჭურვილობა 10 დღის განმავლობაში გვეყოფა – ბოჭორიშვილის კლინიკა

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაია სოლოღაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ თუკი რეკომენდაციებს არ დაიცავენ და სახლში არ დარჩებიან, მარაგები, მედპერსონალი და ადგილები აღარ ეყოფათ.

,,გვეყოფა თუ არა მარაგი დამოკიდებულია საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე. შესაძლებელია, ყველაფერი განვითარდეს ისე, რომ არ გვეყოს არანაირი მარაგი. ამიტომ გთხოვთ, ყველამ ვიფიქროთ იმაზე, რომ შეიძლება არ გვეყოს არც მარაგი, არც მედპერსონალი, არც ადგილები და დავდგეთ სერიოზული რისკების წინაშე. თუ მოვიქცევით ისე, როგორც ამ დროისთვის ვიქცევით და ავიმაღლებთ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, ყველაფერი საბედნიეროდ გადაივლის ზედმეტი გართულებების გარეშე. ეს ყველაფერი არის ჩვენი საზოგადოების ხელში, ამიტომ დარჩით სახლში, ჩვენ ვიმუშავებთ და ვიზრუნებთ თქვენი ჯანმრთელობისთვის”,- ამბობს სოლოღაშვილი.

მისი განმარტებით, თუ ინფიცირებულთა ზრდა ასე გაგრძელდა, სამედიცინო აღჭურვილობა დაახლოებით 10 დღის განმავლობაში ეყოფათ.

,,ეს აღჭურვილობა, რაც გვაქვს, თუ ასეთი ტემპით წავიდა ინფიცირებულთა ზრდა, დაახლოებით 10 დღის განმავლობაში გვეყოფა, თუ ზრდის ტემპი მოიმატებს, ეს არაპროგნოზირებადია. ჩვენ შეგვიძლია დადასტურებული კიდევ ერთი ამდენი, დაახლოებით 22 პაციენტი მივიღოთ. თუ იქნება საეჭვო პაციენტები მაშინ რესურსი საკმაოდ მცირეა,” – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 336 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 74 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.