„ჩვენ არავის დაპატიმრებას არ ვაპირებთ. თუ ვინმე ჩაიდან დანაშაულს, ამას არ აქვს მნიშვნელობა, თანამდებობა ვერ იქნება რაღაც ფარი იმისა, რომ შენ ჩაიდინო დანაშაული. არ აქვს მნიშვნელობა, სალომე ზურაბიშვილი იქნება, თუ სხვა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, ვინც ჩაიდენს დანაშაულს, ამ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილის ჩაიდენს დანაშაულს, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება და ვერაფერი შეაჩერებს ამ პროცესს.[…] ეს არის ხელისუფლების მითვისებასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ბრიფინგი და ძალიან ვრცლად იყო განცხადებები გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, თუ რა შემთხვევაში მოხდება და გადაიდგმება ეს ნაბიჯი. კანონის დარღვევა, ჩვენ კი, შეიძლება მიჩვეულები ვართ მისი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას, მაგრამ კანონის დარღვევას არ ვაპატიებთ არავის, ამას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება. ჩვენ ვართ შემდგარი სახელმწიფო, დემოკრატიული სახელმწიფო და ყველამ კეთილი უნდა ინებოს, პატივი ვცეთ, როგორც კონსტიტუციას, ასევე კანონს. რაც შეეხება არჩევნებს, არჩევნები აუცილებლად ჩატარდება ამ ქვეყანაში. ჩვენ მომავალ წელს გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს გაიმართება 2028 წელს. კონკრეტული თარიღი, როდის იქნება, ამას ცოტა მოგვიანებით ვეტყვით საზოგადოებას იმიტომ, რომ ჯერ ადრეა ამაზე საუბარი“
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რითაც ის ბიძინა ივანიშვილს შეხვედრას სთავაზობს.