თუ მელია გირაოს გადაიხდის, პროკურატურა მზადაა, პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვოს

პროკურატურა მზადაა, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.

პროკურორი ამირან გულუაშვილი აცხადებს, რომ მელიას დაპატიმრება არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი.

“დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე”,- ამბობს პროკურორი ბრიფინგზე.