თუ რიგგარეშე არჩევნების საკითხი მოხსნილია, ოპოზიციის დიდი ნაწილი მოლაპარაკებების გაგრძელებაში აზრს ვერ დაინახავს – ლაგაზიძე

“თუ რიგგარეშე არჩევნების საკითხი საერთოდ მოხსნილია ოპოზიციის დიდი ნაწილი მოლაპარაკებების გაგრძელებაში აზრს ვერ დაინახავს”- ასე გამოეხმაურა, ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით,„პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუში“.

„მე რამდენადაც ვიცი, ოპოზიცის ლიდერების განწყობები, რომ ამ პუნქტზე საუბარი თუ შორეულ სკივრში გადაიდო, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ მოლაპარაკებების გაგრძელებაში აზრს ვერ დაინახავს. რა შეიძლება ჩვენ ამის შედეგად მივიღოთ? – საუკეთესო ვერსია იქნება მოლაპარაკება და ორი მხარის საერთო ნიშნულზე მისვლა. მეორე ვარიანტი არის ის, რომ ოპოზიცია დარჩეს იმავე დღის წესრიგით – რაც შეიტანა იმ მოლაპარაკების მაგიდასთან, ის გამოიტანოს, ანუ ნულოვანი შედეგით დასრულდეს მოლაპარაკება. მესამე ვერსიაა ოპოზიციის გაყოფა, ნაწილი დათანხმდეს იმ შემოთავაზებას, რომელიც იქნება ევროკავშირის მხრიდან და მეორე ნაწილი კვლავ დარჩეს ქუჩაში, არ დაეთანხმოს შემოთავაზებულ პირობებს.ზოგადად, პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობა არის ყველაზე მიუღებელი პრაქტიკა, რაც ამ ხელისუფლებამ საკუთარ ხელწერად გაიხადა. ეს იქნება ყველაზე დიდი სიბრიყვე, რაზეც პოლიტიკური ძალები წავლენ. ძალიან მიკვირს ევროკავშირის ამ კუთხით. ძალიან არ მინდა ევროკავშირი გამოვიდეს პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობის კანონიზაციის ერთგვარი ხელისშემწყობი. პოლიტიკურმა ძალებმა ამაზე უარი უნდა თქვან. სხვა თემაა რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ ამ კონკრეტულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, ამის დაკანონება თუ მოხდა, ხვალ სხვას აიყვანენ პოლიტიკურ მძევლად და ნებისმიერ სხვა პრინციპულ საკითხზე გაცვლიან. ამ მოლაპარაკებების ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი უნდა იყოს, რომ პოლიტიკური მძევლების აყვანა დასრულდეს და არა ის, რომ ევროკავშირი ირიბად ამ პროცესს ხელს უწყობდეს“, – განაცხადა ლაგაზიძემ.