თუ რუსეთი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, ეს NATO-სთვის თამაშის წესებს შეცვლის – დუდა

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას თქმით, უკრაინაში რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებამ შეიძლება აიძულოს NATO, გადახედოს გადაწყვეტილებას კონფლიქტში სამხედრო ჩარევასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

დუდას ჰკითხეს, სჯერა თუ არა, რომ პრეზიდენტი პუტინი ემზადება ქიმიური იარაღის გამოსაყენებლად.

”ეს არის ის, რაც მსოფლიოს არ უნახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. თუ თქვენ მეკითხებით, შეუძლია თუ არა პუტინს ქიმიური იარაღის გამოყენება, მე ვფიქრობ, რომ პუტინს შეუძლია გამოიყენოს ყველაფერი ახლა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ რთულ სიტუაციაშია. პოლიტიკური თვალსაზრისით, მან უკვე წააგო ეს ომი და სამხედრო თვალსაზრისით, ის არ მოიგებს მას”,– თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა ქიმიური იარაღის გამოყენებას ნატოს ინტერვენციის გამოწვევა, მან თქვა: „რა თქმა უნდა, ყველას იმედი აქვს, რომ ის [პუტინი] ამას ვერ გაბედავს.

”მაგრამ თუ ის გამოიყენებს მასობრივი განადგურების იარაღს, ეს შეცვლის თამაშის წესებს მთლიანობაში. რა თქმა უნდა, [NATO] უნდა დაჯდეს მაგიდასთან და მათ ნამდვილად მოუწევთ ფიქრი, რა გააკეთონ, რადგან ეს საშიში იქნება არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის”,– აღნიშნა დუდამ.

ბოლო დღეებში NATO-სა და აშშ-ს წარმომადგენლები ამბობენ, რომ შესაძლოა რუსეთი ამზადებდეს საფუძველს ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის.