თუ სალომე ზურაბიშვილს რაიმე ეჭვი აქვს, რომ უსმენენ, შეუძლია კონკრეტული ფაქტები წარმოადგინოს–სუსის ხელმძღვანელი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, თუ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რაიმე ეჭვი აქვს იმის თაობაზე, რომ უსმენენ, შეუძლია კონკრეტული ფაქტები წარმოადგინოს.

როგორც ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მხოლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები საუბრობენ იმაზე, თითქოს უსმენენ.

„ეს შეგრძნება მხოლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირებს ან მათთან დაახლოებულ ტელე-მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შევატყვე. შესაბამისად, შეგრძნებებზე და წარმოდგენებზე საუბარი, რომელიც ფაქტებს არ ეფუძნება, არცერთ საკონსტიტუციო ფიგურას არ ეკადრება, მათ შორის პრეზიდენტს. თუ რამე კონკრეტული გააჩნია, შეუძლია წარმოადგინოს. განწყობების დონეზე სახელმწიფო უსაფრთხოების საქმიანობას ქვეყნის მთავარსარდალი არ უნდა აფასებდეს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მან ჟურნალისტებთან ე.წ. კრებსებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განმარტა, რომ აღნიშნული საქმის ფარგლებში გამოძიება გრძელდება.

„ჩვენ ვნახეთ სიუჟეტები, რომელიც თქვენ თვითონვე მოამზადეთ, ან თქვენმა კოლეგებმა, ამის იქით არის უამრავი ადამიანის გამოკითხვა, ექსპერტიზები, რასაც უზარმაზარი დრო მიაქვს იმიტომ, რომ ეს მასალები იყო არა მოსმენების შედეგად მიღებული აუდიო ან ვიდეო, ეს იყო Word-ში აკრეფილი ტექსტები, რომელიც რიგ შემთხვევაში დასტურდებოდა დაზარალებული თუ არადაზარალებული პირების მიერ, ხოლო ხშირ შემთხვევაში არ დასტურდებოდა და სრულიად არასერიოზულ ხასიათს ატარებდა. დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს გამოძიება. ნებისმიერი ჩვენება, ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ჩვენი მისამართით იქნება, ჩვენ ამის თაობაზე გახსნილები ვართ. ბევრი საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია და მომავალშიც დიდი სიამოვნებით დავეხმარებით თანამშრომლობის ფარგლებში“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, “ჯერ კიდევ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველანი სადმე რომ შევდივართ და საუბარი გვინდა, იმაზე ვფიქრობთ, ტელეფონი დავიტოვოთ თუ გავიტანოთ”.