თუ ტურისტებს PCR ტესტის დოკუმენტი არ ექნებათ, ტესტი აეროპორტში ჩაუტარდებათ – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, თუ ტურისტი არ წარმოადგენს PCR ტესტით დამადასტურებელ დოკუმენტს, რომ კორონავირუსი არ აქვს, ტესტი აეროპორტში ჩაუტარდება.

“ქვეყნებს შორის სხვადასხვა ტიპის მოლაპარაკებები არსებობს. პირველი, რა მოთხოვნაც გვაქვს არის, რომ ტურისტს თან ექნება PCR ტესტის ვალიდური დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ კოვიდი არ აქვს. იმ ტურისტებისთვის, რომლებსაც დოკუმენტი არ ექნებათ, ჩვენ უზრუნველვყოფთ ტესტის ჩატარებას აეროპორტში და იმ შემთხვევაში, თუ მივიღებთ ტურისტების დიდ ნაკადებს, მოლაპარაკებებია სასტუმროებთან, სადაც ტურისტების განთავსება მოხდება და დაელოდებიან ტესტის პასუხებს,“ – თქვა მინისტრმა.

მანვე აღნიშნა, რომ უკვე შექმნილია პუნქტები, სადაც ტურისტები გაიტესტებიან. გარდა ამისა, მთავრობა ინარჩუნებს საკარანტინო სივრცეებს.

“გარკვეულ სასტუმროს ვაძლევთ ტურისტების მიღების საშუალებას, თუმცა ყველა სასტუმრო ვალდებულია გაითვალისწინოს უსაფრთხოების ნორმები. გვაქვს ტესტების საკმარისი რაოდენობა, გვაქვს კოორდინაცია და დალაგებული ლოჯისტიკა ყველა ლაბორატორიასთან, რომელიც ქვეყანაში ფუნქციონირებს”,- განაცხადა ტიკარაძემ.

საერთაშიროსო ტურისტებისთვის საქართველოს საზღვრები პირველ ივლისს იხსნება.