თუ ფინეთი და შვედეთი განაცხადს შემოიტანენ, დაჩქარებული წესით მივიღებთ–ნატოს გენერალური მდივანი

შვედეთი და ფინეთი ნატოს დაჩქარებული პროცედურით შეუერთდებიან, თუ გადაწყვეტენ გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანას. ეს ორი სკანდინავიური ქვეყანა ნატოს სტანდარტებს შეესაბამება, ფინეთი კი ორგანიზაციის ახლო პარტნიორია. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ფინეთმა უნდა გადაწყვიტოს, უნდა თუ არა ალიანსში შესვლა. თავის მხრივ, ნატო პატივს სცემს ნებისმიერ არჩევანს, მათ შორის უბლოკო ნეიტრალურ სახელმწიფოდ დარჩენის გადაწყვეტილებას.

“ფინეთი ნატოს ძალიან ახლო პარტნიორია. ფინეთის და შვედეთის შეიარაღებული ძალები ნატოს სტანდარტებს შეესაბამება. თუ ისინი განაცხადს გამოგზავნიან, ველი, რომ ეს დადებითად იქნება აღქმული, მოიძებნება გზა, როგორ მოვილაპარაკოთ  ნატოს წევრობისთვის საჭირო პროცედურების სწრაფად გავლის შესახებ.“–თქვა სტოლტენბერგმა.

26 მარტს ფინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყნის ნატოში შესვლა რუსეთთან ურთიერთობაში დაძაბულობას გაზრდის, თუმცა დასძინა, რომ ალიანსში გაწევრიანებას დადებითი მხარე მეტი აქვს, ვიდრე უარყოფითი. ყველაზე მთავარი კი მისი თქმით, მისი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სწორი გადაწყვეტილების მიღებაა.

ამასობაში, თავად ფინეთის მოქალაქეებს შორის ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო სოციალური კვლევების მიხედვით, რომელიც ორგანიზაცია Kantar TNS Helsingin Sanomat–მა ჩაატარა, ქვეყნის მოსახლეობის 61% ნატოში გაწევრიანებას ემხრობა, წინააღმდეგია 16%, 23%–ს კი ჯერჯერობით კითხვაზე პასუხი არ აქვს. წინა გამოკითხვისას, რომელიც 18–23 მარტს ჩატარდა, ნატოში ფინეთის გაწევრიანებას 54% უჭერდა მხარს. წინააღმდეგი იყო 21%.

შეგახსენებთ, რომ 6–7 აპრილს ბრიუსელში ნატოს სამიტი გაიმართება. მიწვეულთა შორის არიან: უკრაინა, საქართველო, ფინეთი, შვედეთი.

რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ ფინეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლა სამხედრო–პოლიტიკურ შედეგებს გამოიწვევს.