თუ 43% ვერ აიღეს და სცადეს ხელისუფლებაში დარჩენა, გვეყოლება უზურპატორი – ჯაფარიძე

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმებით, ოპოზიცია, ხელისუფლება და საერთაშორისო პარტნიორები შეთანხმდნენ, რომ თუ ოცნება 43%-ს ვერ აიღებს, ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური.

“თუ 43% ვერ აიღეს და მაინც სცადეს ხელისუფლებაში დარჩენა, ჩვენ გვეყოლება უზურპატორი. ჩემი აზრით, უზურპატორის მიმათ დამოკიდებულება ზუსტად ერთნაირი უნდა გვქონდეს ყველას. არ შეიძლება, თავზე გაჯდეს მოძალადე და ამას ითმენდე. მონა ხარ მაშინ და სხვა ტიპის სახელმწიფოს აშენებ. ჩვენ გვინდა თავისუფალი სახელმწიფოს აშენება”,– ამბობს ჯაფარიძე პრესკონფერენციაზე.

მისივე ინფორმაციით, მმართველი პარტიის ლიდერები პარტნიორებს არწმუნებენ, რომ 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავენ.

“ამ წუთის მდგომარეობით, გარანტიებს ისინი[პარტნიორები] არაფერზე არ იძლევიან და ვერც მოგვცემენ ვერანაირ გარანტიას. მაგრამ, მე რა ინფორმაციაც მაქვს და რაც მქონდა ბოლო კომუნიკაცია მათთან, ცალსახად ჩანდა, რომ მათ “ქართული ოცნება” ეუბნება, რომ თუ ისინი ვერ აიღებენ 43%-ს, ისინი გაიყვანენ ამ ქვეყანას ხელახალ არჩევნებზე. ისინი ამას საჯაროდ არ ამბობენ, იმიტომ, რომ ეს რომ თქვან ჩამოეშლებათ მთელი პარტიული სისტემა, მაგრამ შიდა საუბრებში, ისინი ამას ეუბნებიან”, – აღნიშნა ზურა ჯაფარიძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.