პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის ვადის ერთი თვით გაგრძელების საკითხის განხილვისას ოპოზიცია პოპულიზმში დაადანაშაულა. ოპოზიცია გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერს და მთავრობისგან პირველ რიგში ეკნომიკური ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენას ითხოვს:
“იმის გამო, რომ თქვენ პოლიტიკური მიზნებისთვის სპეკულირებთ და პოპულიზმით აქცენტს ეკონომიკურ პროგრამაზე აკეთებთ, არ უჭერთ მხარს საგანგებო მდგომარეობას და ამ რეჟიმს, თქვენ მოქალაქეებს ეუბნებით, რომ გამოდით ქუჩაში, წადით სამსახურებში, იმგზავრეთ ავტობუსებით და დააავადეთ ერთმანეთი, გავრცელდეს პანდემია, დაემუქროს თქვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე, ამას ეუბნებით თქვენ.
თქვენ ძალიან კარგად იცით, უბრალოდ ამის აღიარება არ გინდათ. მთავრობამ ძალიან დროულად მოახდინა ძალიან სერიოზული ფინანსური რესურსის მობილიზება.რა დაგემართათ? რა გჭირთ? რომ თქვათ, რომ ეს ძალიან კარგია; ჩვენ უნდა ვისაუბროთ ეს თანხა სწორად როგორ მივმართოთ. პოპულიზმით ხართ დაკავებული, როცა ხალხს ეუბნებით, რომ მთავრობამ დაგირიგოთ ფული, მთავრობამ გაგიუქმოთ გადასახადები, ძალიან მარტივია ამის თქმა. თითოეულ მოქალაქეს ეს ყურში კარგად მოხვდება. ამას ამბობთ იმიტომ, რომ უპასუხისმგებლოდ უდგებით საკითხს და იცით, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და ქართულ ოცნებას, რომელმაც ერთდროულად უნდა მართოს პანდემიაც, კრიზისიდანაც უნდა გამოვიდეს და პოსტეპიდემიური სიტუაციის საკითხებზე იმუშაოს. ასევე, მთელ რიგ მიმართულებას მიაქციოს ყურადღება ერთდროულად. როცა ამ რთულ ვითარებაში რაღაც ულტიმატუმით საუბრობთ და ამბობთ, რომ ეკონომიკური პროგრამა თუ არ იქნება ხალხი მივუშვათ და ეს პანდემია გავრცელდეს, ეს არის თქვენი დამოკიდებულება თქვენი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის” – განაცხადა სესიაშვილმა.