იბრიქებოდნენ უგულავა და ხაზარაძე, დაიცვეს მელია? აქტივისტები დააჭერინეს – ელისაშვილი

მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერები “იბრიქებოდნენ”, თუმცა სპეცრაზმს “საწყალი ხალხი შეატოვეს”.

“დაამძიმა სურათი დღევანდელმა სპეცოპერაციამ, ნიკა მელიას დაჭერამ. ჩვენს ქვეყანას ახლა სჭირდება ამოსუნთქვა, ახლა სჭირდება დამშვიდება და პარლამენტშიც და პარლამენტის მიღმა… ხალხზე უნდა ვიფიქროთ და ხალხზე უნდა ვილაპარაკოთ, ხალხის პრობლემების მოგვარებაზე უნდა ვილაპარაკოთ. იბრიქებოდნენ იქ უგულავა და ხაზარაძე, დაიცვეს მელია? ვინ შეატოვეს? ისევ საწყალი ხალხი და საწყალი აქტივისტები დააჭერინეს, აი, ეგეთი ლიდერები არიან ისინი, უბრალო ხალხი და აქტივისტები დააკავებინეს. აბა, ვინ არის მელიას გარდა დაკავებული”, — აცხადებს ელისაშვილი.

მისივე თქმით, მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა, რადგან ცალი ფეხი უფსკრულისკენ დაგვიცდა.

“კი არ უნდა ვიპოლიტიკანოთ, არამედ სახელმწიფოებრივად შევხედოთ სწორად. ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება ცეცხლზე ნავთის დასხმა. დღეს იყო ცეცხლზე ნავთის დასხმა, დღეს იყო ესკალაცია, ძალიან სამწუხარო სურათი რაც ვნახეთ და რაც ვიხილეთ. დღესაც იგივეს ვიმეორებთ, რასაც ვამბობდით გუშინ და მთელი ეს პერიოდი, რასაც ყველა ჩვენი მეგობარი ამბობს. მოლაპარაკებას არ აქვს ალტერნატივა, სანამ მართლა გადაჩეხილა ეს ქვეყანა უფსკრულში, უკვე ერთი ფეხი წაგვიცდა, გადაგვიცდა უფსკურლისკენ, ორივე მხარე უნდა მიხვდეს, რომ ეს რაღაც გაჯიქება ამ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს”,– თქვა ალეკო ელისაშვილმა.