ივანიშვილის ოფშორებში დამალული ქონება – ოლიგარქი Pandora Papers-ის სიაში

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმი (ICIJ) 35 მოქმედი და ძველი ლიდერის და 300-ზე მეტი საჯარო პირის ოფშორულ ბიზნესებსა და დამალული ქონებების შესახებ მონაცემები Pandora Papers-ის სახელით აქვეყნებს. მასში მოხვდა ყოფილი პრემიერი და ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილიც.

მასალების მიხედვით, ივანიშვილმა ბრიტანეთში, ვირჯინიის კუნძულებზე 1998 წლიდან 2016 წლამდე 12 კომპანია დააარსა.

ICIJ-ის ცნობით, ერთ-ერთი კომპანია Silverpot Holdings Ltd-ის დაფუძნების მიზანი იყო “საბროკერო ანგარიშის მეშვეობით საჯაროდ აღნუსხული კომპანიების” კონტროლი. კიდევ ერთი ეკონომიკური ობიექტი – Brighton Corporate Ltd კი იმისთვის შეიქმნა, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის “გარკვეული პროექტები ვალად აღებული სააქციო კაპიტალით დაფინანსებულიყო”.

მასალებიდან ირკვევა, რომ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ფინანსური მარეგულირებელი 2011 წელს დაინტერესებული იყო ივანიშვილის კიდევ ერთი ოფშორული კომპანიის – Finsek-ის საქმიანობით, რაზეც პასუხად მიიღო, რომ ფირმა ივანიშვილის შვილებისთვის ქონების მინდობით მართვის საქმიანობას ეწეოდა.

Alcogal-მა საპასუხოდ განაცხადა, კომპანია დაკავშირებული იყო ქონების მინდობით მართვასთან და ის ივანიშვილმა თავისი შვილებისთვის შექმნა.

Pandora Papers-ში ასევე მოხვდნენ ისეთი გავლენიანი ლიდერები, როგორიც არის ვლადიმერ პუტინის, ილჰამ ალიევი, ანდრეი ბაბიში და სხვები.