ივანიშვილი, ღარიბაშვილი და კობახიძე საპარლამენტო მანდატებს ტოვებენ

ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო მანდატებს ტოვებენ. შესაბამის ინფორმაციას, მამუკა მდინარაძე ავრცელებს.

„ეს ადამიანები, როგორც ჩემთვის ცნობილია და ეს არ არის, მე მგონი, დასამალი – ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე, პარლამენტში დარჩენას არ აპირებენ. ისინი არიან ჩვენი პარტიის ხელმძღვანელები – საპატიო თავმჯდომარე, პოლიტიკური მდივანი, თავმჯდომარე და ისინი საპარლამენტო სიაში იყვნენ, როგორც ეს წესია, ფორმალურად, რეალურად და ისინი ტოვებენ საპარლამენტო მანდატებს. მიმართავენ ძალიან მალე“ – განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს მე-11 მოწვევის ერთპარტიული პარლამენტი დღეს მოქალაქეების პროტესტის ფონზე შეიკრიბა – ცოტა ხნის წინ, ”ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში თავისი უფლებამოსილება ცნო. კენჭისყრაში მონაწილეობა ”ოცნების” 88 წევრმა მიიღო.

სხდომა 12:00 საათზე ლადო კახაძემ გახსნა. მათ 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება ცნეს, მათ შორის ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების, რომლებიც პარლამენტში არ შედიან.

ერთპარტიულმა პარლამენტმა თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი ერთხმად აირჩია. ხოლო პაპუაშვილის მოადგილეებად, გია ვოლსკი, თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი აირჩიეს.

ამასთანავე რამდენიმე წუთის წინ, ერთპარტიულმა პარლამენტის წევრებმა კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცეს:

  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი – გელა სამხარაული;
  • ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი – რატი იონათამიშვილი;
  • განათლების კომიტეტი  – გივი მიქანაძე;
  • გარემოს დაცვა- მაია ბითაძე;
  • დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი – შოთა ბერეკაშვილი;
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი -ირაკლი ზარქუა;
  • ევროინტეგრაციის კომიტეტი – ლევან მახაშვილი;
  • თავდაცვის კომიტეტი – ალექსანდრე ტაბატაძე;
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე [დროებით] გიორგი კახიანი;
  • კულტურის კომიტეტი-  გიორგი გაბუნია;
  • რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი- ირაკლი ქადაგიშვილი;
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი – ნიკოლოზ სამხარაძე;
  • საპროცედურო საკითხთა კომიტეტი – დავით მათიკაშვილი;
  • საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტი – პაატა კვიჟინაძე;
  • სპორტის კომიტეტი – ვიქტორ სანიკიძე;
  • ჯანდაცვის კომიტეტი – ზაზა ლომინაძე;~

პარლამენტთან შეკრებილები არიან აქციის მონაწილეები, რომლებიც არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. შენობას კი აქციის მონაწილეებისგან პოლიცია იცავს.

”კონსტიტუციონალისტი კონსტანტინე ჩოკორაია BMG-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დღეს, 25 ნოემბერს  პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა კონსტიტუციის დარღვევით მოხდა, რადგან  150-ვე დეპუტატის არჩევის საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული და ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არაა, რის გამოც ნებისმიერი გადაწყვეტილება რომელსაც მე-11 მოწვევის პარლამენტი მიირებს იქნება არაკონსტიტუციური.

პარლამენტის ლეგიტიმაციას აქვს ბევრი პრობლემა. მათ შორის არჩევნების ნაწილი და რა თქმა უნდა, თავად უფლებამოსილების ცნობის საკითხი მოხდა კონსტიტუციის უგულებელყოფით.

პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით მოხდა დღეს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა, იმიტომ, რომ არ შეიძლება დადგენილების პროექტში, რომლითაც უფლებამოსილების ცნობა ხდება, იმ პირის სახელისა და გვარის შეტანა, რომლის არჩევის საკითხი გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში.

გასაჩივრებულია 150-ვე დეპუტატის არჩევის საკითხი. ეს ნიშნავს, რომ არაკონსტიტუციური იყო გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტმა მიიღო და ყველა ისე გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება პარლამენტის მხრიდან, ეს იქნება მთავრობის დამტკიცება, პრეზიდენტის არჩევის გამოცხადება თუ სხვა რამ, არაკონსტიტუციურად იქნება გაკეთებული. მთავარი, როგორც უნდა მომხდარიყო პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა, მოხდა კონსტიტუციის დარღვევით და სრული უგულებელყოფით”, – ამბობს კონსტანტინე ჩოკორაია.