სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განხილვის ერთ-ერთი თემა საქართველოში მიმდინარე პროცესები იყო. სენატორი ჯიმ რიშის განცხადებით, ის და სხვა წევრები საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იმედგაცრუებული არიან.
“მე და კომიტეტის სხვა წევრები იმედგაცრუებულები ვართ იმის გამო, რაც საქართველოში ხდება. სენატორი შაჰინი და მე ვიმყოფებოდით საქართველოში 2012 წელს, როდესაც იქ არჩევნები ჩატარდა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს იქნებოდა ახალი ეტაპის დასაწყისი, მაგრამ მას შემდეგ ჩვენ რეგულარულად იმედგაცრუებულები ვართ იმით, რაც ქვეყანაში ხდება.სხვადასხვა პარტია მუდმივად ჩამოდის ვაშინგტონში და თითოეული მათგანი ცდილობს ჩაგვრთოს და დაგვარწმუნოს, რომ მხარი დავუჭიროთ მათ პოლიტიკურ მანევრებს, რასაც ყველა ქვეყანა აკეთებს. ჩვენ განუწყვეტლივ ვუმეორებთ მათ, რომ ეს თავად უნდა გადაჭრან. ჩვენ არ ვაპირებთ ავირჩიოთ მხარე, მაგრამ მათ არ აქვთ დიდი პროგრესი”, – განაცხადა რიშმა.
სენატორ ჯიმ რიშის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ ერთ-ერთმა კანდიდატმა, კარენ დონფრიდმა განაცხადა, რომ საქართველოში საარჩევნო და სასამართლო რეფორმის განხორციელება მნიშვნელოვანია.
“დამტკიცების შემთხვევაში, გავაგრძელებ ძალისხმევას 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების სრული და სწრაფი იმპლემენტაციისთვის. მოვუწოდებ ყველა პარტიას საქართველოში, მხარი დაუჭირონ შეთანხმებას. რთულია საკმარისად იმის ხაზგასმა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის საარჩევნო და სასამართლო რეფორმა. საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განმტკიცების გზაზე, მაგრამ მას ბევრად უფრო დიდი მანძილი აქვს გასავლელი და მე მოვითხოვ მათგან, დაფარონ ეს დისტანცია”, – აღნიშნა კარენ დონფრიდმა.