იმედია, საქართველო ჩვენ მიმართ მეტად გაწონასწორებული იქნება – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

”იმედია, საქართველო დასკვნებს გამოიტანს და ჩვენ მიმართ მეტად გაწონასწორებული იქნება” – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში რუსეთი საქართველოს მთავრობისგან, დაბალანსებული პოლიტიკის წარმოებას ელის. ამ განცხადებით რუსთის საგარეო უწყებამ, უპასუხა მედია საშუალებების შეკითხვას რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის გეგმის შესახებ.

„ რუსული ავიაკომპანიებისთვის რუსეთის მოქალაქეების საქართველოში გადაყვანაზე დაწესებული აკრძალვა დროებითია. არაერთხელ მივუთითეთ მისი გაუქმების პირობები. ისინი კარგადაა ცნობილი ქართული მხარისთვის.

საუბარია საქართველოში ვითარების სტაბილიზაციაზე, რუსოფობიური კამპანიის შეჩერებასა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ასევე არ შეიძლება უგულებელვყოთ სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა.

ჩვენ ვრჩებით საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მომხრე, ჩვენ უნდა გადავლახოთ განსხვავებები და აღვადგინოთ და გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები, ორივე ქვეყნის ხალხის ინტერესების შესაბამისად. მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი პროცესი. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დასკვნებს გამოიტანს წარსულიდან და რუსეთისადმი უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას აწარმოებს.“ – წერია განცხადებაში.