“ინტენსიურად ვაგრძელებთ სამძებრო ღონისძიებებს, დამნაშავის დაკავების მიზნით“–შსს–ს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში, საქართველოს ბანკში აყვანილი მძევლების გათავისუფლების საქმეზე განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით ყველა მძევალი გათავისუფლებულია. ამ დრომდე მიმდინარეობს ობერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო სამუშაოები თავდამსხმელის დასაკავებლად.

გთავაზობთ განცხადებას სრულად:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, სამეგრელოს რეგიონში ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია და მათ სიცოცხლესა, ასევე ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მოგეხსენებათ, ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა, რომლის დროსაც დამნაშავემ 43 მოქალაქე აიყვანა მძევლად.

პოლიციის ძალისხმევით, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, დღის განმავლობაში მათი უდიდესი ნაწილი ეტაპობრივად გათავისუფლდა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა.

მოგვიანებით, ავთანდილ გალდავამ და სამმა მძევალმა, თავდამსხმელთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის – ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა, ამჟამად მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს”, – ნათქვამია განცხადებაში.