ირპენში რუსებმა ცხედრებს ტანკებით გადაუარეს, ისინი ნიჩბებით შევაგროვეთ – მერი

გათავისუფლებული უკრაინული ქალაქის, ირპენის მერი, ალექსანდრე მარკუშინი ამბობს, რომ რუსმა დამპყრობლებმა ქალაქში სისასტიკე ჩაიდინეს – მათ დახვრიტეს ხალხი, შემდეგ კი ცხედრებს ტანკებით გადაუარეს. მერის განცხადებით, ირპენის განთავისუფლების შემდეგ, გვამები ნიჩბებით შეაგროვეს.

მარკუშინის ინფორმაციით, ოკუპანტები ოჯახებს აშორებდნენ – კაცები მიჰყავდათ, ქალებსა და ბავშვებს კი ტოვებდნენ, ხოლო ვინც წინააღმდეგობას უწევდა, ხვრეტდნენ.

“კიდევ უფრო სასტიკი, უბრალოდ არაადამიანობის გამოვლინება იყო, როცა დახვრიტეს ჩვენი ხალხი, შემდეგ კი ტანკები გადაატარეს ამ სხეულებზე. მხოლოდ მაშინ, როცა ეს სიბინძურე განვდევნეთ, ჩვენ შევძელით ხალხის ნაშთების შეგროვება. ცხედრები ასფალტიდან ნიჩბებით ავიღეთ”,– თქვა ირპენის მერმა Pravda-ს ცნობით.

მანვე აღნიშნა, რომ იყო ქალების გაუპატიურების შემთხვევებიც. გარდა ამისა, რუსი დამპყრობლები ძარცვავდნენ ირპენელების სახლებს.