ისრაელის არმიამ ჰამასის პარლამენტი და რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა დაიკავა

ისრაელის მედია აქვეყნებს IDF ჯარისკაცების ფოტოს, რომლებიც ისრაელის დროშით პოზირებენ პალესტინის საკანონმდებლო საბჭოში  ღაზას სექტორში, რომელსაც მანამდე ჰამასი აკონტროლებდა. ფოტო გოლანის პირველი ქვეითი ბრიგადის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზეც გამოქვეყნდა, რომლის ჯარები ღაზაში ოპერაციაში მონაწილეობენ.

როგორც Times of Israel იხსენებს, პალესტინის საკანონმდებლო საბჭო ღაზაში ჰამასის კონტროლის ქვეშ იყო 2007 წლის შემდეგ, როდესაც ჯგუფმა სექტორში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო.

ისრაელის არმიის ინფორმაციით დღეს მათ ქალაქ ღაზაში ჰამასის რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა დაიკავეს. ობიექტებს შორის არის ჰამასის საკანონმდებლო საბჭო, მისი სამთავრობო კომპლექსი და პოლიციის შტაბბინა. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ისრაელის ჯარებმა კონტროლი დაამყარეს ეგრეთწოდებული ღაზას გუბერნატორის სახლზე, რომელშიც ჰამასის სამხედრო ფრთის და პოლიციის, დაზვერვის ქვედანაყოფის და სხვა ობიექტები იყო განლაგებული, რომლებიც 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმის მოსამზადებლად გამოიყენებოდა.

ისრაელის არმიის მიერ გავრცელებულ ვიდეორგოლში ჩანს, როგორ უხსნიან ცეცხლს ჯარისკაცები ქალაქ ღაზაში ბოევიკებს, რის შემდეგაც დაჯგუფების არსენალიდან ამოღებული საბრძოლო მასალების და სამხედრო აღჭურვილობის დემონსტრირებას აკეთებენ.

ისრაელის არმია აცხადებს, რომ მათ ასევე აიღეს ღაზას უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის შენობა, რომელიც იარაღის შემუშავებისა და წარმოეების ინსტრუმენტად გამოიყენებოდა, ასევე ჰამასის კიდევ ერთი კომპლექსი საწვრთნელი ბაზით, სამეთაურო ცენტრით, დაკითხვის ოთახებით და საპატიმრო კამერებით.