2016 წელს ისრაელის მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა მოამზადა დოკუმენტი, რომელშიც აფრთხილებდა ისრაელის ხელისუფლებას და სპეცსამსახურებს, რომ ჰამასი გეგმავდა ღაზას სექტორის საზღვრის გარღვევას, სამხრეთ ისრაელის დასახლებების ხელში ჩაგდებას, ხოცვა-ჟლეტას და მძევლების აყვანას, იტყობინება ისრაელის მედია.
11 გვერდიანი დოკუმენტი, რომლის ნაწილი ორშაბათს გამოაქვეყნა გაზეთმა “იედიოთ აჰრონოტმა“, წინასწარმეტყველებს 7 ოქტომბრის ტრაგედიის ბევრ დეტალს და მიუთითებს იმაზე, რომ ისრაელის ხელისუფლებამ რამდენიმე წელი იცოდა ჰამასის ასეთი თავდასხმის შესაძლებლობის შესახებ, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ იმოქმედა.
„ჰამასი აპირებს კონფლიქტის გადატანას ისრაელის ტერიტორიაზე კარგად გაწვრთნილი ძალების მნიშვნელოვანი რაოდენობის გაგზავნით (მაგალითად, ნუხბი , კომანდოს ქვედანაყოფი ჰამასის სამხედრო ფრთაში ) ღაზას სექტორის საზღვარზე მდებარე ისრაელის თემის (ან შესაძლოა რამდენიმე თემის) ხელში ჩაგდებით და მძევლების აყვანით“, – წერს ლიბერმანი დოკუმენტში, რომელსაც გრიფი საიდუმლო აქვს.
შაბათს, დილით, 7 ოქტომბერს, ჰამასის დაახლოებით 2500 ბოევიკი ისრაელში ხმელეთით, ზღვითა და ჰაერით შეიჭრა, რის შედეგადაც 1400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. ჰამასმა და მასთან დაკავშირებულმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა აიყვანეს სულ მცირე 239 მძევალი, მათ შორის 30-მდე ბავშვი და წაიყვანეს ღაზას სექტორში, სადაც ისინი ამ დრომდე ტყვეობაში არიან.
„ადამიანებისთვის ფიზიკური ზიანის მიყენების გარდა, ეს მძიმე დარტყმას მიაყენებს ისრაელის მოქალაქეების მორალურ მდგომარეობას და გრძნობებს“, – გააფრთხილა ლიბერმანმა შესაბამისი სტრუქტურები.
შაბათს საღამოს მიცემულ ინტერვიუში ავიგდორ ლიბერმანმა გაიხსენა ეს დოკუმენტი და თქვა, რომ მან იგი გადასცა პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს 2016 წლის დეკემბერში და გააფრთხილა, რომ ჰამასი “ზუსტად ისე დაესხმებოდა თავს ისრაელს”, როგორც 7 ოქტომბერს მოხდა, თუ მისი შესაძლებლობები არ განადგურდებოდა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, ნეთანიაჰუ იძულებული გახდა ეს საკითხი დაეყენებინა კაბინეტის სხდომაზე, სადაც დოკუმენტი “საერთოდ უგულებელყვეს”, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელებმა.
პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ოფისს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ლიბერმანის განცხადებასა და მისი დოკუმენტის გამოქვეყნებაზე.