ისრაელის ძალებმა ღაზას ყველაზე დიდ ჰოსპიტალში სპეცოპერაცია დაიწყეს

დღეს გამთენიისას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღაზას ყველაზე დიდ საავადმყოფოში, ალ–შიფას ჰოსპიტალში სპეცოპერაცია დაიწყო. საავადმყოფოს ტერიტორიაზე ტანკები და სპეცრაზმი გამოჩნდა.

თვითმხილველმა BBC-ს განუცხადა, რომ მან დაინახა ისრაელის ტანკები და სულ მცირე ასი სპეცრაზმი ალ-შიფას საავადმყოფოს ტერიტორიაზე.

”მე ვნახე ექვსი ტანკი ჰოსპიტალის ტერიტორიაზე და ასზე მეტი სპეცრაზმის ჯარისკაცი, ისინი შევიდნენ სასწრაფო დახმარების მთავარ შენობაში, ზოგიერთს ნიღბები ეკეთა და არაბულად ყვიროდნენ: არ იმოძრაო! Არ გაინძრე!” – უთხრა ხადერ ზაანუნმა, რომელიც საავადმყოფოშია, BBC-ის კორესპონდენტს ღაზაში რუშდი აბუ ალუფს.

ტელეკომპანია „ალ ჯაზირას“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რომ ალ-შიფას ჰოსპიტალის მთავარ ეზოში ისრაელის ტანკებია და ერთ-ერთ საავადმყოფოს შენობაში ისრაელის ჯარისკაცები შევიდნენ. ცოტა ადრე იმავეს შესახებ BBC-ს საავადმყოფოში ადგილობრივმა მცხოვრებმა განუცხადა.

საავადმყოფოში შეტაკების ან სროლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა, რომელსაც ჰამასი აკონტროლებს, განუცხადა ალ ჯაზირას, რომ ისრაელელი ჯარისკაცები საავადმყოფოს სარდაფს ეძებდნენ. ისრაელი და შეერთებული შტატები აცხადებენ, რომ ალ-შიფას საავადმყოფოს ქვეშ,  ჰამასის მიწისქვეშა სამეთაურო პუნქტი მდებარეობს რომელიც ყველაზე დიდია ღაზას სექტორში.