იტალია კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას 4 მაისიდან დაიწყებს

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა 4 მაისიდან ეტაპობრივად დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაცია იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ გაავრცელა.

მისი თქმით, იტალიის მთავრობა მიმდინარე კვირის ბოლოსთვის შეზღუდვების მოხსნის გეგმას გაასაჯაროებს.

„ნეტა შემეძლოს იმის თქმა: მოდი ყველაფერი გავხსნათ ახლავე, ხვალიდან… მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება უპასუხისმგებლობა იქნება. ასე მოქცევა ვირუსის უკონტროლო გავრცელებას გამოიწვეს და ყველანაირ ძალისხმევას, რაც კი აქამდე გვქონია, ხაზს გადაუსვამს. უნდა ვიმოქმედოთ ეროვნული გეგმის მიხედვით, რომელიც ტერიტორიულ თავისებურებებს ითვალისწინებს”,- აცხადებს იტალიის პრემიერ-მინისტრი.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში COVID-19-ით ინფიცირების 181 228 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 24 114 გარდაიცვალა, ხოლო 48 877 გამოჯანმრთელდა.