კადიროვის დაჯგუფების წევრებმა მარიუპოლის მაცხოვრებლებს რუსული ჰუმანიტარული დახმარება დაურიგეს, თუმცა კადრებში გამოჩნდა, რომ მთელი პროდუქცია უკრაინული წარმოების იყო. ამის შესახებ ჟურნალისტი ხრისტო გროზევი ტვიტერზე წერს.
თავიდან ინფორმაცია მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა გაავრცელა. ვიდეოს წარწერაში მითითებული იყო, რომ ჰუმანიტარული დახმარება რეგიონულმა საზოგადოებრივმა ფონდმა ახმატ–ხაჯი კადიროვმა გაგზავნა.
კადრების დეტალურად დათვალიერებისას კი ჩანს, რომ რუსების მიერ დარიგებული ძეხვი სინამდვილეში უკრაინულია, უკრაინული წარწერებით. იგივე შეიძლება ითქვას ფქვილზეც.
ტელეგრამ არხებზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რომ ეს სინამდვილეში უკრაინული პროდუქციაა, ჩეჩნეთის ლიდერმა ინფორმაცია წაშალა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი ერთი თვეა ქალაქ მარიუპოლის აღებას უშედეგოდ ცდილობს. ქალაქში დარჩენილ მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციის საშუალებას არ აძლევენ, რის გამოც ქალაქში ჰუმანიტარული კატასტროფაა.