კადიროველებს უკრაინაში ყოველდღიურად დიდ დანაკარგები აქვთ. ჩეჩნეთის ლიდერის კონფლიქტები–მედია

სამხედრო ქვედანაყოფები, რომლებიც ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს ექვემდებარება ყოველდღიურად უდიდეს დანაკარგებს განიცდის უკრაინაში დაჭრილების და მოკლულების სახით. თუმცა, ამ ინფორმაციას საგანგებოდ მალავენ პიარ ტექნოლოგიების დახმარებით. ამის შესახებ რუსული გამოცემა “მნიშვნელოვანი ისტორიები “ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

ჟურნალისტების ინფორმაციით კადიროველების რეალურ დანაკარგებს ჩეჩნეთის ხელისუფლება საგულდაგულოდ მალავს. ამჟამად მხოლოდ 13 ჩეჩენი მებრძოლის გარდაცვალებაა დადასტურებული. ეს ერთ–ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია რუსეთის რეგიონებს შორის. მაგალითად, მეზობელ დაღესტანში ოფიციალურად დაღუპულია 123 სამხედრო. ამავე დროს, დაღესტნის მოსახლეობა 3.1 მილიონია, ჩეჩნეთის კი 1.4 მილიონი.

ჟურნალისტებს ესაუბრა ადამიანი, რომელიც უკრაინაში დაღუპული ჩეჩენი ჯარისკაცების ცხედრების სახლში გადასვენებაზეა პასუხისმგებელი. ის ამბობს, რომ ყოველდღიურად ჩეჩნური რაზმები დანაკარგებს განიცდიან მოკლულების და დაჭრილების სახით.

თუმცა, რუსული პროპაგანდისა და სოციალური ქსელების დახმარებით კადიროველები ცდილობენ საუკეთესო მებრძოლების იმიჯი შეიქმნან.

გამოცემამ დაადგინა, რომ ჩეჩენი ბოევიკების მედია–იმიჯზე დუმის დეპუტატი, ადამი დელიმხანოვი მუშაობს.

კადროვის კონფლიქტი

რუსი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ უკვე მარტის დასაწყისში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხვდებოდა, რომ კიევის მიმართულებით შეტევა, სადაც ასევე იბრძოდნენ ჩეჩნები, ჩავარდა და რუსი სამხედროები უკანდახევისთვის ემზადებოდლნენ. “რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, მარტის შუა რიცხვებში გადაწყდა კადიროველები მარიუპოლთან გადაეყვანათ, თუმცა ჩეჩნეთის ლიდერი ამას არ დათანხმდა.

რამდენიმე წყარო კადიროვის გარემოცვიდან და რუსული ძალოვანი სტრუქტურებიდან ყვება, რომ კადიროვი მარიუპოლში გადაყვანის გადაწყვეტილებამ გააბრაზა, რადგან სამხრეთში ბრძოლას ნაკლებ პრესტიჟულად თვლიდა საიმისოდ, რომ იქ საკუთარი მებრძოლების სიცოცხლე გაერისკა. მას კონფლიქტი ჰქონდა როსგვარდიის და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან. კადიროვმა საკუთარი დაჯგუფების მებრძოლთა ნაწილს უბრძანა სახლში დაბრუნებულიყვნენ და დაესვენათ. მარტის შუა რიცხვებში ჩეჩნეთში მებრძოლთა ნაწილის დაბრუნების შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ბევრმა წყარომ დაუდასტურა, მათ შორის, თავად სამხედრო რაზმების თანამშრომლებმა.