კადიროვმა მოიტყუა, რომ უკრაინაში იყო – “უკრაინსკა პრავდას” ჟურნალისტური გამოძიება

უკრაინულმა მედიასაშუალებამ, “უკრაინსკა პრავდამ“ დაადგინა, რომ ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა იცრუა, თითქოს უკრაინაში, კიევთან ახლოს იმყოფოდა.

13 მარტს რამზან კადიროვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში ჩავიდა და შეხვდა ჩეჩენ ჯარისკაცებს, რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინის წინააღმდეგ ომში. მან მომდევნო დღეს ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც ჯარისკაცებს მითითებებს აძლევს. რამზან კადიროვი იმუქრებოდა, რომ კიევს შეუტევდა, უკრაინელებს კი დანებებისკენ მოუწოდებდა.

“უკრაინსკა პრავდას” ცნობით, კადიროვი იყენებს ორ ტელეფონის ნომერს. უკრაინული მობილური ოპერატორების ინფორმაციით, კადიროვის ეს ნომრები როუმინგში მყოფ უკრაინულ საკომუნიკაციო ანძებს ბოლო 7 დღის განმავლობაში არ დაკავშირებია.

გამოცემის ჟურნალისტმა 13 მარტს კადიროვს Telegram-ზე მიწერა და თავი რუსული პროპაგანდისტული მედიის, “რია ნოვოსტის” ჟურნალისტად წარუდგინა. შემდეგ მას გაუგზავნა ბმული, რომელზე გადასვლის შემთხვევაშიც, სისტემა ადგენს მომხმარებლის IP მისამართს. ჩეჩნეთის ლიდერი ბმულზე გადავიდა, რის შემდეგაც “უკრაინსკა პრავდამ” დაადგინა, რომ 13 მარტს კადიროვი ჩეჩნეთში, ქალაქ გროზნოში იმყოფებოდა.