როგორი ლეგენდაც იყო ფეხბურთში, ისეთივე კვალს დატოვებს, როგორც მერი – სუბარი კალაძეზე

უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი არ ადასტურებს, იქნება თუ არა კახა კალაძე კვლავ თბილისის მერობის კანდიდატი.

მისი თქმით, ივანიშვილისა და კალაძის ერთობა მთავარი დამრტყმელი ძალა იყო.

“მერობის კანდიდატებზე არანაირ განცხადებებს ჯერჯერობით არ ვაკეთებთ, როცა დასახელების დრო დადგება, ყველა გაიგებს, წინასწარ ამას არ ვიტყვით, ბუნებრივია, მაგრამ კახა კალაძესთან დაკავშირებით ნებისმიერი სპეკულაცია მართლა სპეკულაციაა და თან სრულიად უადგილო სპეკულაცია, იმიტომ, რომ კახა კალაძე იყო, არის და იქნება ჩვენი გუნდის წევრი, ძალიან ერთგული წევრი, ძალიან მტკიცე წევრი.

მეტსაც გეტყვით, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა პოლიტიკაში შემოსვლის შესახებ, მართლა დაუძლეველი ერთობა შეიქმნა, როდესაც კახა კალაძე მივიდა მასთან, ძალიან ბევრი ვიყავით, ვინც გვერდით დავუდექით, მაგრამ კალაძის და ივანიშვილის ერთობა იყო ის პირველი დარტყმელი ძალა, რომელმაც სულ სხვანაირი ძალა მისცა ქართული ოცნების მომავალ გუნდს, დღემდე რჩება ასეთ ადამიანად. როგორი ლეგენდაც იყო ფეხბურთში, დარწმუნებული ვარ, ისეთივე კვალს დატოვებს, როგორც თბილისის მერი, იმედია, მომავალშიც”,– თქვა სუბარმა იმედთან ინტერვიუში.