შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან, კამალა ჰარისმა ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატად მინესოტას გუბერნატორი, ტიმ უოლცი აირჩია. საბოლოო გადაწყვეტილებამდე, შაბათ–კვირას ჰარისმა ვაშინგტონში რამდენიმე წამყვან პრეტენდენტთან გამართა გასაუბრება. ტიმ უოლცი კამალა ჰარისს საპრეზიდენტო კამპანიის ხუთდღიან ტურს შეუერთდება შვიდ ქალაქში: ჰარისი საარჩევნო კამპანიას ააქტიურებს საკვანძო შტატებში, სადაც ძირითადი პოლიტიკური ბრძოლები გაიმართება.
ამერიკული ტელეარხის, სიბიესის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევები უჩვენებს, რომ ნაციონალური მაშტაბით კამალა ჰარისი რესპუბლიკელების კანდიდატს, დონალდ ტრამპს ერთი პუნქტით უსწრებს. მეორე გამოკითხვით კი, რომელიც კვირას გამოქვეყნდა, ტრამპის და ჰარისის რეიტინგი გათანაბრდა ისეთ შტატებში, სადაც ტრამპს 5 პროცენტიანი უპირატესობა ქონდა, სანამ ჯო ბაიდენი უარს ამბობდა საარჩევნო მარათონიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნაზე.
მართალია დემოკრატიული პარტია საკუთარ კანდიდატურას ოფიციალურად 19 აგვისტოს, პარტიის ყრილობაზე გამოაცხადებს, მაგრამ ჰარისმა უკვე მოიპოვა მომხრეთა საკმაოდ დიდი ნაწილის მხარდაჭერა, რათა ყრილობაზე ოფიციალურ დასახელებამდეც დემოკრატების კანდიდატად ჩაითვალოს.
ვიცე–პრეზიდენტის შერჩევა პრეზიდენტის პირადი გადაწყვეტილებაა და ამ საკითხში ყრილობის დელეგატებს ხმის უფლება არ აქვთ.
ვიცე–პრეზიდენტის არჩევა კამალა ჰარისის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება ოფიციალური ნომინაციის შემდეგ. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ ვიცე–პრეზიდენტად ჰარისი შეარჩევდა თეთრ მამაკაცს რომელიმე მერყევი შტატიდან, სადაც ისტორიულად არც დემოკრატებს და არც რესპუბლიკელებს ცალსახა უპირატესობა არ აქვთ.
მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებიდან კანდიდატურა მოხსნა და ღიად დაუჭირა მხარი კამალა ჰარისს, დემოკრატების მიმართ ნდობა კვლავ გაუჩნდა ამომრჩეველთა გარკვეულ კატეგორიას, მაგალითად 30 წელზე ახალგაზრდა ამომრჩეველს და ლათიონოამერიკულ თემებს. თუმცა, ნათლად გამოჩნდა ჰარისის სუსტი მხარეც – ხანდაზმული ამომრჩევლები, რომლებიც უფრო აქტიურად უჭერდნენ მხარს ბაიდენს.
რამდენიმე კანდიდატიდან ტიმ უოლცი შესაძლოა სწორედ ამ მიზეზით შეირჩა. მინესოტას შტატი ისედაც დემოკრატების მხარეს იხრება და არ მოახდენს გავლენას ამ არჩევნების შედეგებზე, თუმცა 60 წლის უოლცის კანდიდატურა სავარაუდოდ ჰარისის კამპანიას ბევრ ამომრჩეველს შემატებს.
ის გამოცდილი პოლიტიკური ლიდერია, რომელმაც კონგრესში 12 წელი იმუშავა, სანამ 2018 წელს მინესოტას გუბერნატორი გახდებოდა.
ანალიტიკოსები თვლიან, რომ ის ბევრ დამოუკიდებელ და კონსერვატიულ ამომრჩეველს მიიმხრობს.