კარპენტერი: ოქტომბრის არჩევნები მნიშვნელოვანია და მას ძალიან ახლოდან დავაკვირდებით

Რას ფიქრობენ თეთრ სახლში საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და რა ნაბიჯებს უნდა ელოდოს საქართველო ამერიკისგან. Ამ თემებზე, პრეზიდენტ ბაიდენის სპეციალურ თანაშემწეს და თეთრ სახლში, შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროს დირექტორს, მაიკლ კარპენტერს, “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი, მარიამ უგრეხელიძე ესაუბრა.

“საქართველოს ტრაექტორია ძალიან გვაწუხებს. ბოლო დროს განხორციელებული ანტიდემოკრატიული ქმედებები, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების სივრცის შემცირება ჩვენთვის შემაშფოთებელია.

ამ ტრაექტორიას უკვე საკმაო ხანია ვხედავთ და “უცხოეთის აგენტების კანონი” ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა. გულწრფელად რომ ვთქვათ, მმართველი პარტიისგან მომავალი განცხადებებიც შეშფოთების საგანია. ასე რომ ჩვენ მოქმედება დავიწყეთ. შევაჩერეთ 95 მილიონი დოლარის დახმარება, რომელსაც ჩვეულებრივ ვუწევთ ხოლმე საქართველოს მთავრობას; გავატარეთ შეზღუდვის პოლიტიკა „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკების, სამართალდამცავების, კერძო მოქალაქეების, პარლამენტის წევრების მიმართ, რომლებიც თანამონაწილენი არიან იმ ქმედებებისა, რომლებიც არღვევენ დემოკრატიულ ნორმებს საქართველოში. ჩვენ გავაგრძელებთ გზების ძიებას, რათა შესაბამის პირებს პასუხი ვაგებინოთ იმაზე, რაც მოხდა.

იმის თქმა, რომ ეს [მოვლენები] შემაშფოთებელია, საკმარისი არაა. საქართველოს კურსში ძალიან ბევრი რამ გვაშფოთებს.

სანქციების შესახებ წინასწარ არ ვაცხადებთ, მაგრამ ვეცდებით ადამიანებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას კორუფციისთვის, ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებისთვის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის.

ჩვენ გვაქვს საჭირო ინსტრუმენტები, რათა შესაბამისად მოვიქცეთ, როგორც საქართველოს კონტექსტში, ისე გლობალურადაც. გავაგრძელებთ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას, როდესაც ეს აუცილებელი იქნება.

შეერთებული შტატები მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, მის დამოუკიდებლობას, მის დემოკრატიას, ამ დემოკრატიული სისტემის საფუძველი კი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო იმის დანახვა, რომ წარსულში, საქართველომ შეძლო ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა ერთი ადმინისტრაციისგან მეორესთვის.

ვიმედოვნებთ, რომ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, ზოგიერთი ქმედება, რომელიც უკვე ვნახეთ, შემაშფოთებელია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით, როგორც უკვე ვახსენე, სამოქალაქო საზოგადოების აქტორების შევიწროების კუთხით… ასევე, ვნახეთ [საქართველოს] პრემიერის განცხადება, სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების კრიმინალიზაციასა, თუ უკანონოდ გამოცხადების შესახებ, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიის ნორმებს. ეს შეშფოთებას იწვევს. ჩვენ გავაგრძელებთ ძალზე ახლოდან დაკვირვებას და რა თქმა უნდა, ადგილზეც იქნებიან დამკვირვებლები.

თუმცა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენს მაყურებელს ვუთხრათ, რომ საქმე არ ეხება მხოლოდ იმას, რა მოხდება არჩევნების დღეს. ეს არ ეხება მხოლოდ იმ ხმებზე დაკვირვებას, რომელიც საარჩევნო ყუთში მოხვდება. ეს ეხება მთლიანად ატმოსფეროს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, დაშინებას, შევიწროებას და ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს არჩევნების წინა პერიოდში.“–თქვა კარპენტერმა.