„კაცი, რომელმაც ქვეყანა იყიდა“ – სწორედ ასე დაასათაურა გავლენიანმა გამოცემა POLITICO-მ ვრცელი სტატია ქართველი ოლიგარქის შესახებ. მასში „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებულ პოპულისტურ პარტიადაა მოხსენიებული და ნათქვამია, რომ ივანიშვილს უპირობო გავლენა აქვს ხელისუფლებაზე. სტატიაში მიმოხილულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლა და 12-წლიანი მმართველობა. ნათქვამია, რომ დროთა განმავლობაში „ოცნება“ აღიქმებოდა არა პოლიტიკურ პარტიად, არამედ ივანიშვილის ღრმა ჯიბეების გაგრძელებად.
”კრიტიკოსების აზრით, პარტიის კანონმდებლებსა და მინისტრებს მხოლოდ ივანიშვილს ერთგულება ევალებათ. მაშინ, როცა საქართველოში 26 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს არჩევნები, რომელსაც ბევრი მიიჩნევს, როგორც მკვეთრ არჩევანს რუსეთსა და დასავლეთს შორის, ივანიშვილი სულ უფრო მეტად განიხილება, როგორც ძალა, რომელსაც მოსკოვის დასამშვიდებლად საქართველო ევროკავშირის ორბიტიდან გამოჰყავს.
მისი მეზობელი რუსეთის მსგავსად, საქართველოსაც აქვს დემოკრატიის ზედაპირული თვისებები, მათ შორის პარლამენტი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და არჩევნები. მაგრამ ივანიშვილის დროს, ქვეყნის ვითომ წარმომადგენლობითი ინსტიტუტები სულ უფრო მეტად ცენტრალიზებულია ერთ ხელში.
ივანიშვილის კონტროლი ქართულ ოცნებაზე აშკარა იყო, როდესაც პარტიამ თებერვალში პრემიერ-მინისტრად დასავლეთის კრიტიკოსი ირაკლი კობახიძე დანიშნა. პოდიუმზე ასვლამდე კობახიძე წინა რიგში მჯდომ ივანიშვილთან შეჩერდა და სცენაზე წასვლის ნებართვა სთხოვა”.-წერს გამოცემა.
Politico წერს, რომ ივანიშვილმა საკუთარი ქონება 90-იანი წლებში, რუსეთში დააგროვა, სადაც ელექტრონიკას ყიდდა და საბოლოოდ საკუთარი ბანკი „როსისკი კრედიტი“ დააარსა სათავო ოფისით მოსკოვში. Politico ივანიშვილის რუსული მედიისთვის წარსულში მიცემულ ინტერვიუზეც წერს, სადაც ის ამბობს, რომ ქონების დაგროვების შემდეგ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებმა მისი ძმა გამოძალვის მიზნით გაიტაცეს, შემდეგ კი ამ საქმის მოსაგვარებლად მას რუსულ ძალოვან უწყებებთან თანამშრომლობა მოუწია.
”ამის საპასუხოდ, ახალგაზრდა მაგნატმა დაცვისთვის მიმართა სხვა ბანდას: რუსეთის მთავრობას და ძლევამოსილი მეგობრები შეიძინა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლთა ჯგუფში, რომლის მუშაობის მეთოდებიც არ განსხვავდებოდა მათგან, ვისაც ისინი ებრძოდნენ. როგორც Politico-სთან უსაფრთხოების სამსახურების წამყვანი ექსპერტი ირინა ბოროგანი აღნიშნავს. ამ ჯგუფში შემავალი ხალხი ქრთამზე მუშაობდა და არ ერიდებოდა წამებას, ცემას და მკვლელობას. ექსპერტი ამბობს, რომ მათ, როგორც ჩანს, ივანიშვილის საქმე გააკეთეს, მან დაიწყო ბიზნესი საფრანგეთსა და საქართველოშიც, იმავდროულად, ინარჩუნებდა თავის ფართო და გაუმჭვირვალე ბიზნესინტერესებს რუსეთში.
როგორც 90-იან წლების რუსეთში არსებული ვითარების მცოდნე პირები ამბობენ, როგორც წესი, უშიშროების სამსახურებთან ასეთი თანამშრომლობა ნიშნავდა უწყვეტ ვალდებულებას. ბოროგანის თქმით, როდესაც თქვენ ითანამშრომლებთ მთავრობასთან ან უსაფრთხოების სამსახურებთან, ისინი არასოდეს გაგიშვებენ თვალთახედვიდან”.-წერს გამოცემა
როგორც გამოცემა წერს, საქართველოს უმდიდრესი კაცისთვის ევროკავშირში ან ნატოში გაწევრიანებაზე უარი არ იქნება მარცხი. ეს შეიძლება ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს მაგალითმაც დაადასტუროს, რადგან დასავლეთიდან მოსკოვისკენ შემობრუნება მომავალ ავტოკრატს აძლევს შესაძლებლობას გააძლიეროს სრული კონტროლი.