კეთილი ზღაპარია, ამის მიღწევა შეუძლებელია – ჯაფარიძე გირჩის ინიციატივაზე

“გირჩი–მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე გირჩის ინიციატივას აფასებს, რომლის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები პლებისციტიც უნდა იყოს და ქართული ოცნება თუ დამარცხდება, 2022 წელს პროპორციული არჩევნები დანიშნოს.

ჯაფარიძის აზრით, ეს “ჩვეულებრივი კეთილი ზღაპარია”, რადგან ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია.

“შეთანხმება იმაზე, რომ ოპოზიცია დათანხმდეს, რომ პოლიტპატიმრების ამბავი დავივიწყოთ, იმიტომ რომ ოცნება მაგაზე არ მოდის, სრულად პროპორციული არჩევნები ბარიერის გარეშე დავივიწყოთ და მოდი, პირდაპირ შევვარდეთ ადგილობრივ არჩევნებზე და თან ოცნება რატომღაც წამოვა იმაზე, რომ წამოვა ეს იყოს პლებისტი, თუ დამარცხდება, შემდეგ 2022 დანიშნოს პროპორციული არჩევნები, ეს ცალცალკე აღებული იმდენი ვარაუდია, რომ ჩვეულებრივი კეთილი ზღაპარია. ამის მიღწევა შეუძლებელია ოპოზიციურ ფლანგზეც და ხელისუფლებასთანაც”,– ამბობს ჯაფარიძე ტვ პირველის ეთერში.

მისივე თქმით, ახლა ოპოზიციას ხელისუფლებისგან დათმობის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს.

“ახლა მოლოდინი, რომ ისინი დათმობებზე წამოვლენ, არ ხდება, ზღაპარში ხო არ ვცხოვრობთ?! ამ წუთში ისინი არც არანაირ ზეწოლას არ გრძნობენ დასავლელი პარტნიორებისგან და არც შიგნით განსაკუთრებული საპროტესტო მუხტი არ არის. რატომ უნდა დათმონ? დემოკრატიის შუქურები არიან? კონსოლიდაცია უნდათ და ამისთვის არიან პოლიტიკაში ანრი, მათიკაშვილი და კობახიძე? ამის გჯერათ? მე არ მჯერა. არ მგონია, რომ ახლა საერთოდ რამის დამთმობები იყვნენ”,– აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

ცნობისთვის, პარტია გირჩი და მოქალაქეები ოპოზიციასთან კონსულტაციების გამართვას გეგმავენ.