ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარტნიორებს უმტკიცებს, რომ ნიკა მელიას დაკავებით პოლარიზაცია შემცირდება და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია კიდევ უფრო განმტკიცდება.
“ჩვენთვის გასაგებია, რომ საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ შიში საქართველოში პოლიტიკური პროცესების შემდგომ პოლარიზაციასთან დაკავშირებით, რამაც პოლიტიკური სისტემა ურთიერთობების დასავლურ სტანდარტებს შეიძლება დააშოროს.
თუმცა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან მალე დარწმუნდებიან, რომ პოლარიზაციის შემცირებისკენ გზა სწორედ სახელმწიფოს ღირსების განუხრელ დაცვაზე, სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლის უზენაესობის პრინციპების რეალიზებაზე გადის.
პოლარიზაციას განაპირობებს არა ე.წ პოლიტიკოსების ყოფნა ციხეში, არამედ დამნაშავეების ყოფნა პოლიტიკაში.
ევროატლანტიკურ ოჯახში მოქმედებს მარტივი პრინციპი: პოლიტიკოსი, რომელიც ჩადის დანაშაულს, მაგალითად, იჭრება კონსტიტუციური ორგანოების შენობებში, აკოტრებს კერძო ბანკებს ან ტელევიზიებს, ბიუჯეტიდან იპარავს ათეულობით მილიონს და ა.შ, არ რჩება პოლიტიკაში.
დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ საქართველოც იმსახურებს ამ სტანდარტს, რომლის დამკვიდრების გარეშე საქართველოში ევროატლანტიკური ხარისხის დემოკრატია ვერასოდეს ჩამოყალიბდება”,– აცხადებს კობახიძე.
მისივე თქმით, დღეს საზოგადოების რეაქციიდან ნათლად დადასტურდა, რომ ქართველი ხალხი ევროატლანტიკური ღირებულებების მხარეს დგას და მისთვის მთავარი სახელმძღვანელო პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფო და სამართლის უზენაესობაა.
“ქართული საზოგადოება და ჩვენი პარტნიორები ძალიან მალე დარწმუნდებიან, რომ სახელმწიფოს ღირსების დაცვა, კანონის აღსრულება და პოლიტიკის დეკრიმინალიზაცია, არა თუ ხელს შეუშლის, არამედ, პირიქით, ხელს შეუწყობს პოლარიზაციის ხარისხის თვისებრივ შემცირებას ჩვენს ქვეყანაში.
სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფას არის მთავარი გარანტი იმისა, რომ ევრო-ატლანტიკურ ოჯახში საქართველოს ინტეგრაციას ვერაფერი შეაფერხებს”, – ამბობს კობახიძე.