კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მოლაპარაკებას აზრს დაუკარგავს – გირჩი ხელისუფლებას

ხვალ, 2 თებერვალს პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეჩერების საკითხს განიხილავს. პარტია გირჩი განცხადებას ავრცელებს და ქართულ ოცნებას მოუწოდებს არ დაუჭიროს მხარი ოპოზიციური დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს რადგან ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკება, უფლებამოსილების შეწყვეტა კი დიალოგის პროცესს აზრს დაუკარგავს.

“ჩვენი აზრით, კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მოლაპარაკების პროცესს აზრს დაუკარგავს, კრიზისს გააღრმავებს და შესაძლოა შეუქცევადი გახადოს. გვინდა ვთხოვოთ ჩვენს კოლეგებს ქართული ოცნებიდან, საქმით აჩვენონ თანამშრომლობის სურვილი. ნუ დაუჭერენ მხარს, საკუთარი კოლეგების პარლამენტიდან გაძევებას. თუ მიუხედავად ჩვენი გულწრფელი თხოვნისა, ქართული ოცნება მაინც შეუწყვეტს კოლეგებს უფლებამოსილებას, ამას მივიღებთ ქართული ოცნების მხრიდან მთელ ოპოზიციასთან მოლაპარაკების შეწყვეტის გააზრებულ გადაწყვეტილებად და გირჩის მოქმედი პარლამენტის წევრებიც დაუყოვნებლივ ჩააბარებენ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებს”, – აცხადებენ პარტიაში.

27 იანვარს ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ გუნდის გადაწყვეტილებაა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათივე განცხადებების საფუძველზე, მანდატები შეუჩერდებათ. თუმცა, მისივე თქმით, შესაბამის კენჭისყრამდე ერთი სხდომა კიდევ ერთხელ ჩატარდება, შესაბამისად, ოპოზიციის წარმომადგენლებს ვერ მისცემენ გარანტიას, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება.