კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო სიიდან უნდა მოიხსნას, აშშ-ს კონსტიტუციის იმ პუნქტის გათვალისწინებით, რომელიც „არეულობაში ან აჯანყებაში“ მონაწილე ჩინოვნიკებს უკრძალავს საჯარო თანამდებობის დაკავებას.
გადაწყვეტილება ეფუძნებოდა დონალდ ტრამპის სავარაუდო როლს 2021 წლის 6 იანვრის მოვლენებში, როდესაც მის მხარდამჭერთა ბრბო შეიჭრა კონგრესში კაპიტოლიუმის ბორცვზე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაპროტესტების მცდელობისას, რომლითაც მისმა კონკურენტმა, ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.
ამ გადაწყვეტილებით ტრამპი აშშ-ს ისტორიაში პირველი საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა, რომელსაც თეთრი სახლის დაკავება კონსტიტუციის მე-14 შესწორების თანახმად აუკრძალეს. ეს მუხლი უკიდურესად იშვიათად გამოიყენება. რამდენიმე წინა მცდელობა, ტრამპი საარჩევნო ბიულეტენიდან ამოეღოთ, სხვა შტატებში წარუმატებლად დამთავრდა.
გადაწყვეტილების ძალაში შესვლა 2024 წლის 4 იანვრამდე შეჩერდა, რათა აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ აპელაციის განხილვაც შეძლოს.
მცირე უპირატესობით, (4/3 ხმით) სასამართლომ დაადგინა, რომ კონსტიტუცია კრძალავს კენჭისყრაზე 2024 წლის რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის დაყენებას მისი როლის გამო „აშშ-ს მთავრობის წინააღმდეგ ძალადობის წაქეზებაში“.
შტატის უზენაესი სასამართლოს განაჩენი აუქმებს კოლორადოს მოსამართლის ადრინდელ გადაწყვეტილებას, რომელმაც დაადგინა, რომ მე-14 შესწორების აკრძალვა აჯანყების შესახებ არ ვრცელდება პრეზიდენტებზე, რადგან მუხლი მათ კონკრეტულად არ ასახელებს.
ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ტრამპი “ჩაერთო აჯანყებაში თავისი მხარდამჭერების ძალადობისკენ წაქეზებით”, მაგრამ როგორც პრეზიდენტი ის არ იყო “აშშ-ის ოფიციალური პირი”, რომლის დისკვალიფიკაცია შეიძლებოდა ამ შესწორების მიხედვით.
ტრამპის ადვოკატი ამტკიცებდა, რომ კაპიტოლიუმის აჯანყება არ იყო საკმარისად სერიოზული იმისთვის, რომ აჯანყების კვალიფიკაცია მისცემოდა და რომ ტრამპის მოწოდებები მისი მხარდამჭერებისადმი იმ დღეს ვაშინგტონში დაცული იყო მისი სიტყვის თავისუფლების უფლებით. ადვოკატი ამტკიცებდა, რომ სასამართლოებს არ აქვთ უფლება მოითხოვოს ტრამპის ამოღება ბიულეტენიდან.
მაგრამ სამშაბათის გადაწყვეტილებაში, კოლორადოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობა ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა. მათ თქვეს, რომ ტრამპის გამოსვლები არეულობის წინ იყო მოწოდება მის მხარდამჭერებსადმი ბრძოლისკენ და რომ მისი მხარდამჭერები ამ მოწოდების შესაბამისად მოქმედებდნენ.
ამავდროულად, კარლოს სამურმა, ერთ-ერთმა მოსამართლემ სამიდან, ვინც განაჩენს დაუპირისპირდა, განაცხადა, რომ მთავრობას არ შეუძლია პირს ჩამოართვას საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება სათანადო სამართლებრივი პროცესის გარეშე.
„მაშინაც კი, თუ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ კანდიდატს აქვს საშინელი საქმის კეთების ისტორია – თამამად ვიტყვი, აჯანყებაში მონაწილეობისაც კი – პროცედურები უნდა დაიცვან მანამ, სანამ ჩვენ გამოვაცხადებთ ამ პირის საჯარო თანამდებობიდან დისკვალიფიკაციას“, – წერს ის.
სამშაბათის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ კოლორადოს 5 მარტის რესპუბლიკურ პრაიმერზე და არ ვრცელდება კოლორადოს გარეთ მდებარე შტატებზე. თუმცა, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ტრამპის პოზიციებზე 5 ნოემბრის საყოველთაო არჩევნებისთვის.
არაპარტიული პროგნოზებით მომავალი არჩევნებისთვის კოლორადო „უსაფრთხო“ დემოკრატიულ შტატად მიიჩნევა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სავარაუდოდ მოიგებს ამ შტატს ტრამპის ბედის მიუხედავად.
ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა მნიშვნელოვნად წააგო თავის კონკურენტთან ამ შტატში. მაგრამ თუ სასამართლოები სხვა უფრო კონკურენტუნარიან შტატებში მიჰყვებიან კოლორადოს მაგალითს, ტრამპის განაცხადი თეთრ სახლში დაბრუნებაზე შეიძლება სერიოზული სირთულეების წინაშე აღმოჩნდეს.
მსგავსი სარჩელები, რომლებიც ადრე იყო წარდგენილი ნიუ ჰემფშირში, მინესოტასა და მიჩიგანში, ჩაიშალა.
ტრამპის კამპანიამ სასამართლოს გადაწყვეტილებას სრულიად გაუმართავი და არადემოკრატიული უწოდა და განაცხადა, რომ ის გასაჩივრდება აშშ-ს უზენაეს სასამართლოში.
”დემოკრატიული პარტიის ლიდერები პარანოიდულები არიან გამოკითხვებში პრეზიდენტ ტრამპის მზარდი, დომინანტური პოზიციის გამო ,” – თქვა ტრამპის კამპანიის სპიკერმა სტივენ ჩუნგმა. „მათ დაკარგეს რწმენა ბაიდენის დამღუპველი პრეზიდენტობის მიმართ და ახლა ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ამერიკელმა ამომრჩევლებმა ისინი მომავალ ნოემბერში თანამდებობიდან გადააგდონ“.
ჩუნგმა დასძინა, რომ დონალდ ტრამპის იურიდიული გუნდი უმოკლეს ვადაში მიმართავს აშშ-ის უზენაეს სასამართლოს.
გადაწყვეტილება დაგმეს რესპუბლიკელმა დეპუტატებმაც. კერძოდ, პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა უწოდა მას ერთი პარტიის ინტერესებს მორგებული ცუდად შენიღბული თავდასხმა.
„მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, ხმის მიცემისთვის რეგისტრირებულ ყველა მოქალაქეს არ შეიძლება უარი ეთქვას უფლებაზე, მხარი დაუჭიროს ჩვენს ყოფილ პრეზიდენტს და ადამიანს, რომელიც ლიდერობს რესპუბლიკური პრაიმერის ყველა გამოკითხვაში“, – თქვა მან.
თავის მხრივ, ჯგუფი, რომელიც საკუთარ თავს უწოდებს “მოქალაქეები პასუხისმგებლობისა და ეთიკისთვის ვაშინგტონში“, რომელმაც სარჩელი შეიტანა კოლორადოს სასამართლოში, გადაწყვეტილებას მიესალმება.
„ეს არ არის მხოლოდ ისტორიული და გამართლებული, არამედ აუცილებელია ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის მომავლის დასაცავად“, – თქვა ჯგუფის ლიდერმა ნოა ბუკბინდერმა განცხადებაში.
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ოპონენტები იმედოვნებენ, რომ გამოიყენებენ საქმეს მისი დისკვალიფიკაციის უფრო ფართო ძალისხმევის გასაძლიერებლად და საკითხის პოტენციურად გადატანის მიზნით აშშ-ს უზენაეს სასამართლოში.
თუმცა, პერსპექტივები არ გამოიყურება დამაიმედებლად იმის გათვალისწინებით, რომ ცხრაწევრიან სასამართლოს ჰყავს კონსერვატორთა ძლიერი უმრავლესობა 6-3, მათ შორის ტრამპის მიერ წარდგენილი სამი მოსამართლე.
კონსტიტუციის მე-14 შესწორება რატიფიცირებული იქნა ამერიკის სამოქალაქო ომის შემდეგ. ამ შესწორების მე-3 ნაწილი გამოიყენებოდა სეპარატისტების მიერ ყოფილ სამთავრობო პოზიციებზე დაბრუნების თავიდან ასაცილებლად მას შემდეგ, რაც სამხრეთის შტატები კვლავ შევიდნენ კავშირის შემადგენლობაში.
იგი გამოიყენებოდა კონფედერაციული პრეზიდენტის ჯეფერსონ დევისისა და მისი ვიცე-პრეზიდენტის ალექსანდრე სტივენსის წინააღმდეგ, რომლებიც ორივე კონგრესში მსახურობდნენ, მაგრამ მას შემდეგ მხოლოდ ეს შესწორება იშვიათად გამოიყენებოდა.
ტრამპის წინააღმდეგ ამჟამად ოთხი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის ერთი ფედერალური და ერთი ჯორჯიაში, რაც დაკავშირებულია მის მცდელობასთან არ აღიაროს ბოლო არჩევნების შედეგები.