აშშ–ს წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა მაიკ ტერნერმა განაცხადა, რომ კომიტეტმა კონგრესის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია შეერთებული შტატების “ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზული საფრთხის” შესახებ. მედიის ცნობით, ეს საფრთხე რუსეთს უკავშირდება.
„მე ვთხოვ პრეზიდენტ ბაიდენს, განასაიდუმლოოს ამ საფრთხესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია, რათა კონგრესმა, ადმინისტრაციამ და ჩვენმა მოკავშირეებმა ღიად განიხილონ ამ საფრთხეზე პასუხის გასაცემად საჭირო ქმედებები“, – თქვა ტერნერმა დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროების გარეშე.
მანამდე, ოთხშაბათს, მაიკ ტერნერმა წერილი გაუგზავნაკონგრესმენებს, სადაც მოხსენიებულია “მადესტაბილიზირებელი უცხოური სამხედრო შესაძლებლობები”, როგორც გადაუდებელი პრობლემა.
წერილში ნათქვამია, რომ წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტმა 13 თებერვალს მხარი დაუჭირა კანონმდებლებს ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორმაციაზე წვდომისათვის და დეპუტატებს მის განსახილველად პარასკევამდე მისცა ვადა.
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა საფრთხის არსზე, მაგრამ თქვა, რომ გაკვირვებული დარჩა ტერნერის გადაწყვეტილებით, გაეკეთებინა განცხადება, რადგან ის ხუთშაბათს კონგრესის ლიდერებთან შეხვედრას გეგმავდა.
„ცოტა მიკვირს, რომ კონგრესმენმა ტერნერმა დღეს საჯარო განცხადება გააკეთა დაგეგმილი შეხვედრის წინ, სადაც ჩვენ ყველანი შევხვდებით ჩვენს დაზვერვისა და თავდაცვის ექსპერტებს“, – თქვა სალივანმა ბრიფინგზე.
რა სახის არის საფრთხე?
CNN წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ საფრთხე რუსეთს უკავშირდება. სააგენტოს თანამოსაუბრეებმა, რომლებიც კარგად იცნობენ დაზვერვის მონაცემებს, ის დაახასიათეს როგორც “ძალიან მგრძნობიარე”.
ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ „საუბარია რუსეთის ძალზე საგანგაშო და მადესტაბილიზირებელ პოტენციალზე, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი“.
Reuters-ი ორ მცოდნე წყაროზე დაყრდნობით განმარტავს, რომ საფრთხე შესაძლოა „რუსეთთან და კოსმოსურ ოპერაციებთან იყოს დაკავშირებული“.
ABC News-ის ინფორმაცით, “სერიოზული საფრთხე აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის”, რომელიც ჯერ არ სახელდება, დაზვერვის თქმით,არის ის, რომ რუსეთს სურს ბირთვული იარაღის განთავსება კოსმოსში
აღნიშნულია, რომ ეს ნიშნავს არა დედამიწაზე ბირთვული იარაღის ჩამოგდებას, არამედ მათ გამოყენებას თანამგზავრების წინააღმდეგ.
ამავდროულად, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი ცდილობდა საზოგადოების დამშვიდებას და თქვა, რომ განგაშის საფუძველი არ არსებობს.
”ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ ყველა, რომ სათავეში არიან სანდო ადამიანები,” – თქვა მან. „ჩვენ ვმუშაობთ ამაზე და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.