რუსეთის პრეზიდენტმა 9 მაისის გამარჯვების აღლუმის და ყოველწლიური “უკვდავი პოლკის“ აქციის გადატანის შესახებ გამოაცხადა. მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა. ღონისძიებების გადატანა მას ვეტერანთა ორგანიზაციებმა სთხოვეს.
“კორონავირუსთან დაკავშირებული რისკები არ მაძლევს უფლებას 9 მაისის ზეიმისთვის მზადება განვახორციელო“ – თქვა პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე. მის სიტყვებს სააგენტო რია ნოვოსტი ციტირებს.
რუსეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლისთავის აღსანიშნავი ყველა ღონისძიება მოგვიანებით, თუმცა ამ წლის ბოლომდე ჩატარდება. ზუსტი თარიღი მას არ დაუსახელებია.
“ჩვენ ვაიძულებთ საფრთხეს უკან დაიხიოს და შემდეგ აუცილებლად ჩავატარებთ 9 მაისისთვის დაგეგმილ ყველა ღონისძიებას. ამას თბილად და საზეიმოდ გავაკეთებთ. რა თმა უნდა, ეს 2020 წელს მოხდება. მითუმეტეს, რომ მთელი ეს წელი რუსეთში ხსოვნის და დიდების წლად არის გამოცხადებული “ – მოჰყავს პუტინის ციტატა ინტერფაქსს.
9 მაისისთვის დაგეგმილი ღონისძიებების გადატანის შესახებ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით მედიასაშუალებები აქამდეც წერდნენ. 11 აპრილს პრეზიდეტის პრეს მდივანმა არ გამორიცხა მათი გადადება. დღეს კი გადაწყვეტილება ოფიციალურად დადასტურდა.
15 აპრილს რუსეთის ვეტერანთა ორგანიზაციებმა წერილით მიმართეს ვლადიმერ პუტინს და სთხოვეს 9 მაისისთვის დაგეგმილი ღონისძიებები გადაედო.
“სამწუხაროდ მსოფლიოში შექმილმა სიტუაციამ გამოიწვია ის, რომ წელს 9 მაისს აღლუმის ჩატარების შემთხვევაში ჯანმრთელობის უსაფრთხოების გარანტიას ვერავინ მოგვცემს“– ნათქვამი იყო ვეტერანთა 12 ორგანიზაციის წერილში.