ბრიტანეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევათა 80%, ირლანდიაში 60%, საფრანგეთსა და შვეიცარიაში 40 % კორონავირუსის ახალი მუტაციით არის გამოწვეული, რომელიც განსხვავდება გაზაფხულზე არსებული ვირუსის შტამისგან.
გენური მუტაცია სავარაუდოდ ივნისში ესპანეთში მოხდა, სადაც ის პირველად აღმოაჩინეს ადგილობრივ ფერმერებში, შემდეგ კი ევროპაში იქ დაბრუნებულ დამსვენებლებთან ერთად გავრცელდა.
ამის შესახებ საუბარია შვეიცარიული და ესპანური მკვლევარების მიერ შედგენილ ანგარიშში, რომლებიც კორონავირუსის გენურ მუტაციებს აკვირდებიან.
ვირუსის ახალ სახეობას 20A.EU1. –ის სახელწოდება მიანიჭეს. მის გენურ სტრუქტურაში კლასიკური SARS-CoV-2–ისგან ექვსი განსხვავება ფიქსირდება. “გენეტიკური ხელწერის“ მიხედვით მეცნიერებმა მისი წარმოშობის ადგილი დაადგინეს.
ვირუსი, რომელიც ამჟამად ევროპაში დაავადებულთა უმრავლესობას აქვს, უდაოდ ეკუთვნის ერთ–ერთ ნაირსახეობას, რომელიც ზაფხულში ესპანეთში წარმოიქმნა– განაცხადა Financial Times –თან საუბრისას შვეიცარიელმა პროფესორმა ტანია შტადლერმა.
აეროპორტებში მგზავრების ექსპრეს კვლევები და ზაფხულში ამოქმედებული სხვა ზომები არასაკმარისი აღმოჩნდა – ამბობს მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი ემა ნოდკროფტი, რომელიც ბაზელის უნივერსიტეტის ევოლუციური გენეტიკის სპეციალისტია.
კვლევის კიდევ ერთი თანაავტორი, გენეტიკოსი ინიაკი კომასი ვარაუდობს, რომ 20A.EU1–ს გავრცელება რომელიმე ერთი მასობრივი ღონისძიებიდან დაიწყო, სადაც ერთი ან რამდენიმე სუპერგამავრცელებელი იყო.
მისი შემდგომი სწრაფი გავრცელების მიზეზად მეცნიერი ესპანეთში დამსვენებელი ტურისტების სარისკო ქცევას ასახელებს, რომელსაც ისინი სახლში დაბრუნების შემდგომაც განაგრძობდნენ.
ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ახალი მუტაცია უფრო საშიში გადამდებობის და დაავადების სიმძიმის თვალსაზრისით. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ კორონავირუსის ასეთი ნაირსახეობა აქამდე არ შეხვედრიათ. ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულებები, რომ აღმოჩენილი გენური ცვლილებები ვირუსის გადაცემის სიჩქარეზე, ან დაავადების სიმძიმეზე მოქმედებს. ამჟამად ვირუსოლოგები ცდილობენ გაარკვიონ, შეეხო თუ არა მუტაცია ე. წ. ცილოვან წანაზარდებს, რომელთა დახმარებით ვირუსი ადამიანის ორანიზმის უჯრედებში აღწევთ.
ცოტა ხნის წინ აშშ–ში SARS-CoV-2–ის კიდევ ერთი მუტაცია აღმოაჩინეს, რომელსაც D614G ეწოდა. ის სავარაუდოდ ბევრად უფრო აგრესიულია.