კრემლი ადასტურებს, რომ ამბოხიდან რამდენიმე დღეში პრიგოჟინი პუტინს შეხვდა

კრემლი ადასტურებს, რომ რუსეთში 23-24 ივნისს ამობოხების დაწყებიდან რამდენიმე დღეში, კერძო სამხედრო ორგანიზაციის “ვაგნერის” დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი, ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ 29 ივნისს პუტინმა 30-ზე მეტ სამხედრო მეთაურთან, გამართა შეხვედრა, რომელსაც პრიგოჟინიც ესწრებოდა.

როგორც ცნობილია, შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა.

  • “პრეზიდენტმა ასეთი შეხვედრა ნამდვილად გამართა. მან მოიწვია 35 ადამიანი, მათ შორის ყველა ქვედანაყოფის მეთაური და კომპანიის ხელმძღვანელობა, მათ შორის, თავად პრიგოჟინი. ეს შეხვედრა კრემლში 29 ივნისს გაიმართა და 3 საათი გაგრძელდა. დეტალები უცნობია, ერთადერთი რისი თქმაც შეგვიძლია ისაა, რომ პრეზიდენტმა შეაფასა ფრონტზე არსებული კამპანია, ასევე 24 ივნისს მომხდარი მოვლენები. პუტინმა მოისმინა მეთაურების ახსნა-განმარტებები და  შესთავაზა მათ განლაგებისა და შემდგომი საბრძოლო გამოყენების ვარიანტები”, – თქვა პესკოვმა.

შეხვედრასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.