კრემლი ორბანს ტროას ცხენივით იყენებს რადგან პუტინისთვის მნიშვნელოვანია რომ EU-ში რყევები შიგნიდან დაიწყოს – კრამონი

“კრემლი ორბანს ტროას ცხენივით იყენებს, რადგან პუტინისთვის მნიშვნელოვანია EU-ში რყევები შიგნიდან დაიწყოს” – განაცხადა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა “მთავარ არხთან” საუბრისას.

“ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც ორბანი ბლოკავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს, არის არა უნგრულ უმცირესობაზე წუხილი უკრაინაში, არამედ დარდი საკუთარ ფულზე და ევროპულ ფონდებზე, რომლებიც მას ევროკავშირმა გაუყინა. ამიტომ ახლა ორბანი უკრაინის საკითხით მანიპულირებს. ეს არის ერთი მიზეზი, მეორე მხრივ კი კრემლი ორბანს ტროას ცხენივით იყენებს, რადგან პუტინისთვის მნიშვნელოვანია რომ ევროკავშირში რყევები შიგნიდან დაიწყოს, პუტინისთვის მთავარია, ევროკავშირის სტაბილურობას საფრთხე შიგნიდან შეუქმნას. ის სწორედ ამისთვის იყენებს ორბანს.

საქართველოს მთავრობის პოლიტიკა თანხვედრაშია ორბანის პოლიტიკასთან. ყველამ კარგად იცის, რომ კანდიდატის სტატუსი ქართველმა ხალხმა, ქართულმა საზოგადოებამ დაიმსახურა, რომელიც ძლიერად იბრძვის დემოკრატიისა და ევროპული სტანდარტებისთვის, სწორედ ამიტომ ქართველმა ხალხმა მიიღო ევროკომისიის რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსზე, ამის ხაზგასმა მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვანია რომ ეს ყველამ იცოდეს საქართველოში.

რაც შეეხება უნგრეთის გარიცხვას, დიახ, ჩვენ ამას განვიხილავთ, უნდა დავიწყოთ საუბარი იმაზე, თუ როგორ ვიმოქმედოთ მათ წინააღმდეგ, ვინც წლების განმავლობაში არ იზიარებს ევროპულ ღირებულებებს, არ იცავს ევროპულ პრინციპებს, ისინი, ვინც ყოველთვის ბლოკავენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს”,- ამბობს კრამონი.