რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლვროვმა დაგეგმილზე ადრე დატოვა დიდი ოცეულის საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა სამიტი ბალიზე და მონაწილეობას არ მიიღებს ოფიციალურ სადილსა და სამიტის საღამოს სესიაში. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გერმანულ სააგენტოს განუცხადა. სამიტის დაწყებიდან მალევე გაჩნდა ინფორმაცია, რომ G20–ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უარი თქვეს ლავროვთან ერთად ფოტოსესიაში მონაწილეობაზე.
სამიტის დროს სკანდალები ფაქტიურად ლავროვის ჩასვლისთანავე დაიწყო. როიტერის ცნობით, იმ დროს, როცა ლავროვი მის ინდონეზიელ კოლეგას, რეტნო მარსუდის ხვდებოდა, საიდანღაც ისმოდა ყვირილი “როდის დაასრულებთ ომს?“, “რატომ არ ამთავრებთ ომს?“. მედიისთვის უცნობი დარჩა, ვინ ყვიროდა და საიდან.
სამიტზე არსებული ვითრება ლავროვმა ასე აღწერა: “აგრესორები“, “დამპყრობლები“, “ოკუპანტები“… ბევრი რამე მოვისმინეთ დღეს. ყველა მოგვიწოდებდა ეს ოპერაცია შევწყვიტოთ და მშვიდობიან დარეგულირებას მივაღწიოთ. ვთხოვე ჩამოყალიბდნენ, ბოლოს და ბოლოს რა უნდათ ჩვენგან. თუ მშვიდობიანი მოლაპარაკება უნდათ, ის უკრაინამ შეაჩერა… თუ დასავლეთს მოლაპარაკება უნდა, მაშინ ეს უნდა გაითვალისწინოს“ – ამ ციტატას რუსული სააგენტო ТАСС აქვეყნებს.
იაპონური სააგენტო კიოდოს ინფორმაციით, “დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მინისტრების უარი ლავროთან ფოტო გადაეღოთ აშშ–ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ინიცირებული იყო.
სამიტის მინიმუმ ერთმა მონაწილემ – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ბოიკოტის შესახებ ღიად განაცხადა. “არ შემიძლია ვიდგე იმ ადამიანის გვერდით, ვინც პარალელურად უკრაინას ბომბავს, თავს ესხმის ბავშვებს, ზრდასრულებს, მშვიდობიან მოქალაქეებს. ამიტომ ამ სამიტზე ჯგუფური ფოტო არ იქნება“–უთხრა მან ჟურნალისტებს.
თავად ლავროვმა ამ საკითხზე განაცხადა: “ რაც შეეხება ჩემთან შეხვედრებს და განცხადებებს, რომ ჩემთან ფოტოს არ გადაიღებენ: მე არავინ მიმწვევია ფოტოს გადასაღებად. საერთოდ არავინ არსად მიმიწვევია. მე ინდონეზიამ მიმიწვია. ასევე ინდონეზიამ მიიწვია პრეზიდენტი პუტინი სამიტზე, რომელიც ნოემბერში გაიმართება.“–თქვა მან.
უკრაინელი დიპლომატების მონაცემებით, ლავროვი დარბაზიდან იმ მომენტში გამოვიდა, როცა ვიდოკავშირით სიტყვით გამოდიოდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი კულება. მას არც ბერბოკის გამოსვლისთვის მოუსმენია.
ლავროვი ასევე არ მივიდა საღამოს სესიაზე, რომლის დროსაც ბლინკენი გამოდიოდა სიტყვით. ბლინკენის სიტყვის დიდი ნაწილი სასურსათო უსაფრთხოებას დაეთმო და მოსკოვისგან მოითხოვა, უკრაინული ხორბლის ექსპორტი განაახლოს, რომელიც რუსული არმიის მიერ დაბლოკილ უკრაინულ პორტებშია დაგროვილი.
“მივმართავ ჩვენს რუს კოლეგებს: უკრაინა თქვენი ქვეყანა არ არის. მისი ხორბალი თქვენი ხორბალი არ არის. რატომ ბლოკავთ პორტებს? თქვენ ეს ხორბალი უნდა გაათავისუფლოთ.“–მიმართა ბლინკენმა ლავროვს, რომელთან პირად შეხვედრაზე აშშ–ს წარმომადგენლების თქმით, უარი თქვა.
მანამდე ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინამ საკუთარი პორტები უნდა განბლოკოს, განნაღმოს ან უზრუნველყოს პროდუქციის უსაფრთხო გატარება დანაღმულ მინდვრებზე, მხოლოდ ამის შემდეგ, უკვე უკრაინის ტერიტორიული წყლების მიღმა რუსეთი და თურქეთი მზად არიან შესაბამისი ხომალდების უსაფრთხოება უზრუნველყონ.
სასურსათო უსაფრთხოება წელს სამიტის ერთ–ერთი მთავარი თემაა. დასავლეთის ქვეყნები რუსეთს ბრალს სდებენ, რომ მისი ჯარი უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ უკრაინიდან სურსათის ექსპორტს ხელს უშლის, რაც მსოფლიო ბაზრებზე სერიოზულ დეფიციტს ქმნის, ზოგიერთ ქვეყანას კი შიმშილი ემქურება. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ უკრაინული ხორბლით დატვირთული ხომალდები პორტებს იმის გამო ვერ ტოვებენ, რომ კიევმა თავად დანაღმა მათთან მისასვლელები. გარდა ამისა, მოსკოვის მტკიცებით, სურსათის დეფიციტში დამნაშავე დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციებია.