“ლაზარეს თავისუფლებისთვის” – დღეს, 1 აპრილს 20:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა 21 წლის ბიჭის გათავისუფლება იქნება.
გუშინ, 31 მარტს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც 29 მარტს დააკავეს, საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. შემდეგი სხდომა 1 მაისს ჩაინიშნა.
შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
ლაზარე გრიგორიადისს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი.
პროკურატურა გრიგორიადისის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.
დარბაზში მყოფმა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მოსამართლეს, როგორც პარლამენტის წევრმა, პირადი თავდებობაც შესთავაზა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში მყოფების უკმაყოფილება მოჰყვა. დამსწრეები “რუსეთის მონებს” სკანდირებდნენ.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.
ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.